- This event has passed.
“დამზადებულია საქართველოში” – ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა
10 აგვისტო 2023 18:00 - 9 სექტემბერი 2023 18:00

10 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული გალერეა ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენას უმასპინძლებს სახელწოდებით “დამზადებულია საქართველოში”.
საქართველო ცოლ-ქმარ ფლორენსკების შემოქმედებითი ტანდემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა და გამოფენაზეც საქართველოზე შექმნილი სერიები იქნება წარმოდგენილი: ნაივური სტილისტიკით გამოსახული თბილისისა და ბათუმის ხედები, ქართველი მეგობრების პორტრეტები, ქართული ანბანის სერიები და ძველთბილისური დუქნის აბრების რემინისცენციები.
ალექსანდრ ფლორენსკის წინაპრები წარმოშობით საქართველოდან იყვნენ. პაპა – ანდრეი ფლორენსკი და მისი ძმა, ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი თბილისში დაიბადნენ. დიდი პაპაც – სამოქალაქო ინჟინერი ალექსანდრ ფლორენსკი თბილისში დაიბადა და ზედამხედველობას უწევდა გზებისა და ხიდების მშენებლობას. მისი პირველი პროექტი ბათუმი-ახალციხის გზა იყო.
ალექსანდრ ფლორენსკი – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება Митьки -ს ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.) და პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.).
1997-2005 წლებში იყო გალერეა Митьки – ВХУТЕМАС – ის კურატორი. ამას გარდა, მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელად სახელმწიფო მუზეუმში (ცარსკოე სელოს კოლექცია. რუსეთი). ალექსანდრ ფლორენსკი კოლექციონერიც არის – აგროვებს ქართველი და რუსი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს. თავის მეუღლე ოლგა ფლორენსკაიასთან ერთად, განახორციელა არაერთი სახელოვნებო და საგამომცემლო პროექტი. ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევართა ექსპოზიციებს სხვადასხვა დროს მრავალი კერძო გალერეა და სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობდა. მათ შორისაა: Totibadze Gallery (არტ-ცენტრი ВИНЗАВОД, მოსკოვი, რუსეთი), სახელმწიფო რუსული მუზეუმი (პეტერბურგი, რუსეთი), ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი) და ერმიტაჟი (პეტერბურგი, რუსეთი). ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში.
ოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ Митьки -ს შექმნის ერთ-ერთი მოთავე (1985) და პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური შემოქმედებითი პროექტი. მათ შორის, ანიმაციური ფილმები: ყველაზე დიდი ამბავი და ნაალაფარი ფილმები . მიღებული აქვს რუსეთში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალი ჯილდო. ოლგა ფლორენსკაიამ სახელი გაითქვა ქაღალდისა და ქსოვილისგან შექმნილი კოლაჟებით. მის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ როგორც კერძო გალერეები, ასევე სახელმწიფო მუზეუმები. მათ შორის: ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის მუზეუმი ( პეტერბურგი,), Gallerie Vallois Sculpture ( პარიზი), OAT gallery (თბილისი) და Totibadze Gallery (მოსკოვი). მისი ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ლონდონის VICTORIA & ALBERT-ისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში.
გამოფენა გაიხსნება 10 აგვისტოს, 18:00 საათზე და 9 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
ექსპოზიცია ეწყობა გალერეა LICHT-ის მხარდაჭერით.
Details
- Start:
- 10 აგვისტო 2023 18:00
- End:
- 9 სექტემბერი 2023 18:00
Organizer
Venue
- საქართველოს ეროვნული გალერეა
-
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia - Phone:
- + (995 32) 215 73 00
