გაიანე ხაჩატურიანი 1942 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. მამა, ლევონ ხაჩატურიანი, ელექტროინჟინერი იყო, დედა, ჰასმიკ კალანტაროვი, ჰახნაზარიანთა სახელოვანი გვარის წამომადგენელი. მისი წინაპრები უძველესი სომხები- ზოკები იყვნენ. გაიანეს ძმა, პროფესიით ინჟინერი, სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვში ცხოვრობდა.
ხატვა გაიანემ ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთაგნ ინტერვიუში მხატვარი იხსენებს, როგორი აღფრთოვანება გამოუწვევია უფროსებში მის მიერ სამი წლის ასაკში დახატულ თოჯინას, რომელიც ძალიან ჰგვანებია მრავალი წლით ადრე გარდაცვლილ დიდ ბებიას. მას შემდეგ სულ ხატავდა, თუმცა მხატვრობით სერიოზულად 12 წლიდან დაინტერესდა, როდესაც გართულებული ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ მუდმივად სახლში გამოკეტილი, ბავშვურ თამაშებს ჩამოშორდა და საკუთარ სამყაროში ჩაღრმავება იწყო. სკოლაში სწავლის პარალელურად (მე-14 ქალთა, შემდეგ კი თბილისის 25-ე საშუალო სკოლა) ფერწერის გაკვეთილებს ესწრებოდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელთან არსებულ მოსე თოიძის სკოლაში (პედაგოგი გუგული ქურდიანი). სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა, თუმცა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით, აკადემიაში შესვლა გადაიფიქრა, რათა “საკუთარი, ორიგინალური ხედვა არ დაეკარგა”; პროფესიული სამხატვრო განათლება მას შემდეგ აღარ მიუღია. წლების მანძილზე ნამუშევრებს ელენე ახვლედიანს უჩვენებდა და მისგან რჩევებს იღებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შეახვედრა პირველად მხატვარს სერგო ფარაჯანოვი. ნაცნობობა დიდ, მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. რეჟისორი ძალიან აფასებდა გაიანეს ნიჭს და ხელს უწყობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. სიკვდილის წინ ს. ფარაჯანოვმა გაინეს “ჯოკონდას” სერიის ერთ-ერთი ნამუშევარი _ “მტირალი ჯოკონდა” _ აჩუქა. მან კოლაჟი ორჯერ გაუგზავნა მხატვარს სახლში, თუმც ორჯერვე უკან დაუბრუნდა (დღეს ნამუშევარი კალიფორნიაშია) სიტყვებით: “საკუთარ სახლში მე სხვის ნამუშევარს ვერ ვგუობ. რომ დამეტოვებინა, თავისუფლად ვეღარ ვიგრძნობდი თავს. ჩემთვის უპირველესი ჩემი შინაგანი თავისუფლებაა”.
გ. ხაჩატურიანზე აღტაცებულები წერდნენ ვლადიმერ სპივაკოვი და მარტიროს სარიანი, მისი შემოქმედებით მოხიბლული იყო ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც მხატვარს საკუთარ მეგობრადაც მიიჩნევდა და ხშირად სტუმრობდა მას. მისი მეგობრები იყვნენ ასევე გია ყანჩელი, ირინა უვაროვა, იური დანიელი, ბელა ახმადულინა. მხატვრისავე თქმით, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა.
1971 წელს უნდა შემდგარიყო გაიანეს პერსონალური გამოფენა ერევანში, ტელევიზიის ოფისში, მაგრამ გამზადებული ექსპოზიცია, სადაც 40 სურათი იყო წარმოდგენილი, აკრძალეს. მოგვიანებით გამოფენა მაინც შედგა ფიზიკის ინსტიტუტში. სიცოცხლის მანძილზე გ. ხაჩატურიანს არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჰქონია პერსონალური გამოფენები თბილისში, ერევანსა და მოსკოვში. გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალეზე იქნა გატანილი.
გ. ხაჩატურიანი ადრეული ასაკიდან წერდა ლექსებს რუსულ ენაზე. მისი ჩანაწერები რიტმული პროზის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც გაიანეს შემოქმედების გააზრების ერთგვარი გასაღებიცაა (ქეთევან ტომარაძე).
გაიანე ხაჩატურიანი 2009 წლის 1 მაისს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
წყარო:
https://feminism-boell.org/ka/2014/06/13/gaiane-xachaturiani