Skip to content Skip to footer

შმერლინგი ოსკარ

ოსკარ შმერლინგი გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ჯერ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან) და შემდეგ მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. 1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „თავდადებულნი ქართველნი“, 1895; „იავნანამ რა ჰქმნა“, 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვა).

ოსკარ შმერლინგი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1863-1938Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.