ფერმწერი, თეატრისა და ინტერიერის დეკორატორი; რეჟისორ რობერტ სტურუასთან თანამშრომლობით, მან ახალი ეპოქა შექმნა ქართულ სცენოგრაფიაში.
მირიან შველიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი. მისი ძირითადი სცენოგრაფიული ნამუშევრები დაკავშირებულია რუსთაველის თეატრთან, თუმცა, სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა „გრიბოედოვისა“ და „თავისუფალ“ თეატრებთან. გაფორმებული აქვს რობერტ სტურუას საეტაპო სპექტაკლები: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „იულიუს კეისარი“ და „მაკბეტი“; ასევე, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ და ირაკლი სამსონაძის „ვანილის მოტკბო, სევდიანი სუნი“.
მირიან შველიძის გაფორმებულია თემურ ჩხეიძის ცნობილი ტელე-სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები“.
მხატვრის ფერწერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თბილისის თემას – ძველ ქალაქს ის თეატრალურ და ილუზორულ გარემოდ წარმოაჩენს – ასევე, აბსტრაქციებსა და კოლაჟებს.
მირიან შველიძე ნაყოფიერად მუშაობდა ინტერიერის გაფორმების დარგშიც: მისი შექმნილია შიდა სივრცის დეკორი „რიტუალების სასახლისა“ და რესტორნებისთვის: „მარკო პოლო“, „ფაეტონი“ და „ოქროს კათხა“. გამორჩეული მხატვრული ღირებულების მქონე კედლის კოლაჟებით, მან თეატრის ელემენტები შეიტანა ინტერიერის გაფორმებაში.