Skip to content Skip to footer
ლორეტა შენგელია
დაბადების წელი1942Share

შენგელია ლორეტა

ლორეტა შენგელია – საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), გრაფიკოსი, ფერმწერი. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1966 წელს, სადაც გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გრიგოლიასა და სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით.

ლორეტა შენგელიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული წიგნისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. მის მიერ ილუსტრირებული „შუშანიკის წამება“ ამ ნაწარმოების ილუსტრაციებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. დასურათებული აქვს ასევე „სიბრძნე სიცრუისა“, „ვეფხისტყაოსნი“, ოტია იოსელიანის მოთხრობები, გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებები“, შექსპირის პიესები: „რიჩარდ მესამე“, „ოტელო“, „იულიუს კეისარი“ და ქართველი პოეტების მრავალი კრებული.

მის მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ ინახება ერმიტაჟში, პეტერბურგისა და სორბონის უნივერსიტეტებსა და მოსკოვის კალიგრაფიის ინსტიტუტში.

მხატვარმა ილუსტრაციების გარდა, შექმნა ბეჭდური გრაფიკის დიდფორმატიანი კომპოზიციებისა და პორტრეტების სერიები. მისი გრავიურებიც, უმეტესად, ოფორტის ტექნიკითაა შესრულებული, სადაც მხატვრული ეფექტის მისაღწევად ლითონზე გრავირების ყველა ხერხია გამოყენებული.

ის შემოქმედებით საქმიანობას უთავსებს პედაგოგობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არის პროფესორი (1997), ღირსების ორდენის კავალერი (2002).

1984 წლიდან ლორეტა შენგელიას პერსონალური გამოფენები, საქართველოს გარდა, იმართებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და რუსეთში. მიღებული აქვს გრან-პრი ესტამპის საკავშირო გამოფენაზე (1991).

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.