Skip to content Skip to footer

ყანდარელი გივი

მხატვარი, გობელენის ოსტატი, კერამიკოსი. გივი ყანდარელის სახელს  უკავშირდება თანამედროვე ქართული გობელენის სკოლის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება. მან  პირველმა დაიწყო საბჭოთა პერიოდში ახალი ტიპის დეკორატიულ-გამოყენებითი ჟანრის საფეიქრო ნიმუშების შექმნა.

ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართული პატრიოტული შინაარსის ხელოვნებამ, როგორც დაზგურ, ასევე, მონუმენტურ და დეკორატიულ  დარგებში, რასაც საბჭოთა იდელოგიაც ახალისებდა.  ყანდარელის გობელენები, რომლებიც სწორედ ქართულ მოტივებს გამოსახავდა, დიდი მოწონებით სარგებლობდა როგორც იმდროინდელ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც.

გივი ყანდარელი 1933 წელს დაიბადა  საგარეჯოში. 1950 წელს გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის მიმართულების სტუდენტი. მისი პედაგოგები იყვნენ დუდა გაბაშვილი, ვასილი შუხაევი და ვახტანგ ბერიძე, რომელთა ხელმძღვანელობით, მომავალმა მხატვარმა  სისტემური ცოდნა მიიღო ხელოვნების პრაქტიკაში, თეორიასა და ისტორიაში.

1956 წელს, გივი ყანდარელმა  ასპირანტურაში განაგრძო სწავლა კერამიკის მიმართულებით.  1960 წელს, ამავე განყოგილების პედაგოგი გახდა. მიუხედავად არჩეული გეზისა, 1950 წელიდან მუშაობა დაიწყო ტექსტილზე – აინტერესებდა ქსოვილის დეკორატიული შესაძლებლობები და ორნამენტის შექმნის პრინციპები. მის გატაცებას ტექსტილით ხელი შეუწყო გრაფიკოსმა და ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი ციციშვილმა, რომელმაც თავის მხრივ, 1959 აპოლონ ქუთათელაძესთან ერთად, სამხატვრო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დააარსა.

1963 წელს, გივი ყანდარელი  ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა სტაჟირებაზე პრაღის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, სადაც მხატვრული ტექსტილის ხელოვნებას ანტონინ კიბალა ასწავლიდა. ის,  თავის მხრივ, ცნობილი ფრანგი გობელენისტის, ჟან ლიურსის მოსწავლე იყო. კიბალას სახვითმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ევროპის მხატვრული ტექსტილის სტილისტიკაზე.

ყანდარელი უმეტესად  უბეწვო გობელენებს ქსოვდა; ძაფებს  თავად ღებავდა; თავს არიდებდა ვიზუალურ ეფექტურობას. მხატვრობის გარდა, დაკავებული იყო პედაგოგიური და ადმინისტრაციული საქმიანობით.

გივი ყანდარელი იყო სსრკ-ს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და ამავე ორგანიზაციის დაკორატიულ-გამოყენებითი სექციის გამგე. მუშაობდა პედაგოგად საქართველოს პოლიტექტნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, გამგედ თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრაზე, მიწვეულ პროფესორად პეკინის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიაში.

ყანდარელს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: ის იყო საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, (1980), ღირსების ორდენისა და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983).

გივი ყანდარელი
დაბადების წელი1933გარდაცვალების წელი2006Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.