ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში – რექტორი. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი წლების დასასრულს უმნიშვნელოვანესი კულტურული პროცესები განავითარა ქვეყანაში. წარმოჩინდა ახალი მსოფლმხედველობა და ახალი მხატვრული მიდგომა, რაც არსობრივად უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებული სოციალისტური რეალიზმის პრინციპებს. ამ თაობის მხატვართა შორის ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედება ერთ-ერთი გამორჩეულია და ჟანრული, თემატური, დარგობრივი თუ ტექნიკის მრავალფეროვნებით ხასიათდება. მხატვარი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში დაუსრულებელ ძიებაშია. შემოქმედებითი გზის დასაწყისში პოეზიით გატაცებული მხატვრის სურათები ლირიზმითაა გაჯერებული. მომდევნო – 60-70-იანი წლების მხატვრობა უფრო კონკრეტული და დახვეწილია, გამოირჩევა პორტრეტული სახეების მრავალფეროვნებით. 80-იანი წლებიდან კი ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებაში დიდი ყურადღება ეთმობა ზოგადი ხასიათის თემებს, ყოველდღიურში ფილოსოფიური საწყისის ძიებასა და სხეულის პლასტიკის ენას, მის მშვენიერებას, ფერითა და მოძრაობით შექმნილ ჰარმონიულ რიტმიკას. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო დე ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
სხვა ავტორები
გერმანელი მხატვარი ჰანს ჰაინერ ბური (დ.1965) 1986-1990 წლებში სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1993 წლებში მან ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში, გააგრძელა სწავლა. 1993-1996 წლებში კი გერმანიაში, ბერლინში დაბრუნდა. 1990 -იანი წლებიდან მონაწილეობდა გერმანიის სხვადასხვა გალერეაში მოწყობილ გამოფენებში, მათ შორის, ბერლინში (1992) როსტოკის გალერეა „G+S“-ში (1993), ასევე გალერეა „Bauerfeind“…
კლარა კვეესი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, კარლ კვეესი წარმოშობით ლატვიელი იყო. 1896 წელს მეფისნაცვალ ვორონცოვის მოწვევით იგი მეუღლესთან _ კლარა ცახერლისთან ერთად რიგიდან თბილისში ჩამოდის. მას, როგორც გამოცდილ და ცნობილ მებაღე-არქიტექტორს, ქალაქის გამწვანების სამუშაოების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. დროებით ჩამოსული ოჯახი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. კლარა მხატვრობამ ადრეული…
რობერტ სტურუა ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა “გამარჯვების ზეიმი” – ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950),…