დიმიტრი ნალბანდიანი – მხატვარი, პორტრეტისტი, ანიმატორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1969), სოციალისტური შრომის გმირი (1976), ლენინისა (1982) და სტალინის ორი (1946, 1951) პრემიის ლაურეატი, ჯავაჰარლალ ნეჰრუს ჯილდოს მფლობელი (1970). წარმოშობით სომეხი მხატვარი დიმიტრი ნალბანდიანი დაიბადა თბილისში.
1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა ე. ლანსერესა და ე.თათევოსიანის ხელმძღვანელობით. აკადემიიის დამთავრების შემდეგ, 1929 წლიდან მუშაობდა მულტიპლიკატორად სახკინმრეწვსა და ოდესის კინოსტუდიაში, პარალელურად ხატავდა კარიკატურებს ქართული გაზეთებისთვის. ხელოვანი 1931 წელს საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში და მულტიპლიკატორად დაიწყო მუშაობა მ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში.
დ. ნალბანდიანი იყო საბჭოთა ეპოქის პარადული პორტრეტების პირველი ცნობილი ავტორი, რომელმაც შექმნა საბჭოთა პარტიული ელიტის მრავალი წარმომადგენლის პორტრეტი, მათ შორის, ი. სტალინის, ნ. ხრუშჩოვის, ლ. ბრეჟნევისა და სხვ. ამის გამო სამხატვრო წრეებში მას „ პოლიტბიუროს პირველ ფუნჯს” უწოდებდნენ.
მხატვრის სადებიუტო სადიპლომო სურათი იყო ახალგაზრდა სტალინი დედასთან გორში. მოგვიანებითაც მან ბელადის უამრავი პორტრეტი შექმნა, რომელიც, მაშინდელი პრესის აზრით, „გამოირჩეოდა გამოსახულების სიმარტივითა და გულწრფელობით”. თუმცა, პორტრეტების გარდა, იგი ხატავდა პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.
ომის წლებში მხატვარი მუშაობდა სომხეთში, სადაც დაუახლოვდა სომეხ მხატვართა ჯგუფს და, რაც მთავარია, გაიცნო და შეიყვარა მისი მკვიდრი სომეხი ხალხი. იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, ასევე რესპუბლიკის კულტურულსა და სოციალურ ცხოვრებაში.
სომხეთში მოღვაწეობის დროს დ. ნალბანდიანმა, როგორც მხატვარმა თითქოს აღმოაჩინა მზიანი სომხეთის ბუნების უნიკალური სილამაზე, რომელმაც მასზე განუზომელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ სომხეთის პეიზაჟმა მის შემდგომ შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა. ის ბევრჯერ დაუბრუნდა ნაცნობ სომხურ მოტივებს, განსაკუთრებით ხშირად ხატავდა არარატის ველს, სევანის ტბას, ბიურაკანისა და აშტარაკის მიდამოებს და ძველი სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
პორტრეტისტ დ. ნალბადიანის შემოქმედებაში გამორჩეულია XX საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს შექმნილი დედის – აიკანუშ კარაპეტოვნას პორტრეტი, რადგან ის, მხატვრისთვის ჩვეული შეკვეთილი პორტრეტებისაგან განსხვავებით, სრულიად სხვა მანერითაა შესრულებული. სურათი ინახება ლეონიდ შიშკინის გალერეის კოლექციაში. საერთოდ, სამოციანსა და ოთხმოციან წლებში დ. ნალბანდიანის შემოქმედებაში ცვლილება ხდება. იგი ხატავს არა როგორც პოლიტბიუროს წევრების მადიდებელი ხელოვანი, არამედ როგორც კ. კოროვინის ტიპის იმპრესიონისტი, ისევ უბრუნდება სომხურ თემას, მაგალითად, სურათებში – სომხეთი, არარატი, შემოდგომა, ერევანი შენდება და ა. შ.
დიმიტრი ნალბანდიანის ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, რუსეთის თანამედროვე ისტორიისა და სახელმწიფო მუზეუმებში, რუსეთისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მხატვრის ავტოპორტრეტი კი ინახება იტალიაში, ფლორენციის უფიცის გალერეაში.