თვითნასწავლი მხატვარი ივანე (ვანო) მელიაშვილი დაიბადა თიანეთში. მხატვარი კარგად იცნობდა ქართულ მოზაიკასა და მის ტექნიკას, რაც კარგად ჩანს მის სურათებში – თამარ მეფის პორტრეტი, ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი. ვანო მელიაშვილის მიერ ქართული მინიატიურული ხელოვნების ცოდნა კი ნათლად გამოვლინდა მის სურათებში, სადაც გამოსახულია სცენები ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან.
ვანო მელიაშვილი ცხოვრების ბოლო 25 წელი დარაჯად მუშაობდა საბავშვო ბაღში. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში ჩატარდა მისი 87 ნამუშევრის პირველი გამოფენა, რომელსაც კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, თენგიზ მირზაშვილის, ზურაბ ნიჟარაძისა და ედმონდ კალანდაძის დახმარებით ხელოვანის ნამუშევართა გამოფენა შედგა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც რამდენიმე სურათიც კი გაიყიდა.
2000 წელს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ვანო მელიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. ამავე წელს დავით ჯანელიძის რეჟისორობით კინოკომპანია შვიდკაცამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ვანო მელიაშვილი. 2015 წელს, კი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული ვანო მელიაშვილის სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები ექსპონირებულ იქნა ამავე მუზეუმში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე – სახეები.