მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი.
საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა და ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ კანდელაკი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.
გასაბჭოების შემდგომ, საქართველოში მონუმენუტი პროპაგანდის დეკრეტი ამოქმედდა, რომლის ფარგლებში მოქანდაკეებმა ახალი იდეოლოგიის ხატების – სხვადასხვა ალეგორიების, რევოლუციის გმირებისა და ბელადების გამოსახულებების შექმნაზე მიიღეს სახელმწიფო შეკვეთები.
ვალენტინ თოფურიძემ 1930-იან წლებში, ნიკოლოზ სევეროვის პროექტით აშენებული კინოთეატრ რუსთაველისთვის სპორტსმენი ქალისა და კაცის ბეტონის ქანდაკებები გააკეთა, რომლებიც დღემდე ფასადის თაღოვან ნიშებში დგას; ამავე პერიოდში, შექმნა რევოლუციონერ ლადო კეცხოველის ბიუსტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე კომუნარების ბაღში (დღევანდელი 9 აპრილის ბაღი) იდგა.
1948 წელს, ჭიათურაში, ვალენტინ თოფურიძის გამოქანდაკებული ალეგორია – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ქალის მონუმენტური სკულპტურა დადგეს, რომლისთვისაც მოქანდაკეს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1956 წლის 21 აპრილს, თბილისის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აღიმართა ლენინის ძეგლი – ეს იყო რევოლუციის ბელადის პირველი მონუმენტური ქანდაკება საქართველოს დედაქალაში. მანამდე, რუსი მოქანდაკე ივან შადრის შექმნილი ლენინის კოლოსი ზაჰესში აღმართეს. თოფურიძემ ლენინის გამოსახულება დადგენილი იკონოგრაფიით შექმნა – ბელადი ხალხს მიმართავს სიტყვით. ქანდაკების პროექტზე ვალენტინ თოფურიძე ფერმწერ უჩა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობდა. 7.5 მეტრი სიმაღლის ქანდაკება 11.5 მეტრი სიმაღლის გრანიტის კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც გრანიტისავე პლატფორმაზე იყო განთავსებული. ქანდაკების არქიტექტორები იყვნენ შოთა ყავლაშვილი, გივი მელქაძე, კონსტანტინე ჩხეიძე და კონსტნტინე ხეჩინაშვილი.
1953 წელს, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტმა, მონუმენტური პროპაგანდის ფარგლებში, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა სკულპტურების შექმნის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა. მემორიზაციის ნუსხაში შეიყვანეს აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე. ვალენტინ თოფურიძის გამოქანდაკებული, პოეტების წყვილი ქანდაკება 1958 წელს პირველი სკოლის ბაღში დაიდგა.
1955 წელს, ვალენტინ თოფურიძე სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა. ის საპატიო ნიშნის ორდენით და მრავალი მედლით იყო დაჯილდოებული.