ილია ზდანევიჩი (ზაუმური ფსევდონიმი – ილიაზდი) – ქართული, რუსული და ფრანგული ავანგარდის ერთერთი გამორჩეული ფიგურა: პოეტი, მწერალი, გამომცემელი – რუსული ფუტურიზმისა და დადას თეორეტიკოსი; თბილისური ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ფიროსმანის აღმომჩენი და მისი პირველი გამოფენების მომწყობი, კურატორი და ტანსაცმლის დიზაინერი; ფერმწერ კირილე ზდანევიჩის ძმა.
ილიაზდი – პოლონელი მამისა და ქართველი დედის შვილი – დაიბადა თბილისში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით, გეოგრაფიით, მათემატიკითა და მხატვრობით. პატერბურგში სწავლისას, მეგობარი მხატვრების – ვიქტორ ბარტისა და მიშელ ლე დანტიუს მეშვეობით, იქაურ ავანგარდისტებს – მიხაილ ლარიონოვსა და მის მეუღლეს, ნატალია გონჩაროვას დაუხალოვდა.
1911 წელს, ფრანგულიდან რუსულად თარგმნა მარინეტის ფუტურიზმის მანიფესტი. სწავლის პარალელურად, მოხსენებებს კითხულობდა ფუტურიზმის შესახებ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. თბილისში ყოფნისას, თავის ძმა კირილესა და მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად, აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება. 1913 წელს ჩართული იყო ავანგარდისტების გამოფენის ორგანიზებაში მოსკოვში, სახელწოდებით Мишень. აქ ილიაზდმა ფიროსმანის ნამუშევრები გაიტანა. გამოფენის შემდეგ მოწყობილ თანამედროვე ხელოვნების დისპუტზე კი მოხსენებით გამოვიდა. ამავე წელს შეადგინა ლარიონოვისა და გონჩაროვას ნამუშევრების პირველი სისტემური კატალოგი.
1914 წლის აგვისტოდან მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ის გაზეთ Речь-ის კორესპონდენტი იყო კავკასიაში.
ომის დასრულების შემდეგ, მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის ორგანიზებულ ექსპედიციაში საქართველოს ისტორიულ სამხრეთ მხარეში, სადაც აზომა და გააკეთა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მთელი რიგი ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაგებობების გეგმები, ჭრილები და აღწერა ისინი.
პრიველი რესპუბლიკის პერიოდში, რუსეთის რევოლუციას გამოქცეულ მეგობრებთან, იგორ ტერენტიევთან და ალექსეი კრუჩონიხთან ერთად, ილიაზდმა თბილისში გაშალა ფართე ფუტურისტული მოღვაწეობა – დააფუძნა ფუტურისტების ლიტერატურული გაერთიანება 41◦. ამავე პერიოდში დაწერა ფუტურისტული ზაუმური დრამების ციკლი. ამ დრამებშია ფუტურიზმის ყველა სიახლე: ზაუმური ენა ალექსეი კრუჩონიხის სტილში, ფონეტიკური ორთოგრაფია, სტამბური ანაწყობით თამაში და ვიზუალური პოეზია. ПитЁрка дЕйстф, როგორც მას ილიაზდი უწოდებდა, დღეს, რუსული ავანგარდის ენციკლოპედიად ითვლება.
ილიაზდი, გასაბჭოების შემდეგ, პარიზში წავიდა. მანამდე, კონსტანტინოპოლში ყოფნისას თავისი საუკეთესო რომანი „ფილოსოფია“ დაწერა.
პარიზში, ილიაზდი თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ეკონომიურად არ უჭირდა – ის პარიზის გარეუბანში მდებარე კოკო შანელის ფაბრიკის დირექტორი იყო და მისი მოდის სახლისთვის ქსოვილების დიზაინს ქმნიდა. ილიაზდი მეგობრობდა პარიზის განთქმულ მხატვარებთან. პაბლო პიკასო, ხუან მირო, ჟორჟ ბრაკი, ალბერტო ჯაკომეტი, ლეოპოლდ სიურვაჟი – ყველა მათგანი, სხვადასხვა დროს, ილუსტრაციებს ხატავდა ილიაზდის გამოცემული წიგნებისთვის.
1969 წელს, საბჭოთა კავშირის ინიციატივით, პარიზში ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გამოფენა მოეწყო. აქ ილიაზდმა ფიროსმანის საკუთარი კოლექცია ნახა, რომლებიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ერთერთ მთავარ კოლექციას წარმოადგენდა.
ილიაზდს გამოცემული აქვს ოცზე მეტი წიგნი – აქედან ბევრია მისი ლიტერატურული, ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული კვლევების შედეგი. 1972 წელს ილიაზდმა გამოსცა ფიროსმანაშვილი – 1914, რომელშიც შევიდა ილიაზდის მიერ 1914 წელს თბილისში დაბეჭდილი სტატიის თარგმანი და მისივე ტექსტი 60 წლის შემდეგ, რომლისთვისაც პიკასომ ოფორტის ტექნიკით ფიროსმანის პორტრეტი დახატა.
ილიაზდი გარდაიცვალა 1975 წელს; დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
წყაროები:
რეჟის გეირო: ზდანევიჩის ბიოგრაფია საიტზე www.modernism.ge
კირილ კორჩაგინი: ტექსტი საიტისთვის https://arzamas.academy/