წარმოშობით თბილისელი, ალექსანდრე ზალცმანი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელების ოჯახში დაიბადა და საფუძვლიანი აღზრდა და ადრეული განათლება მიიღო ხელოვნებაში, მუსიკასა და დრამაში. მამამისმა – საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა დიდების ტაძრის შენობა (დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა) დააპროექტა.
ალექსადნრე ზალცმანი თავისუფლად ფლობდა ოთხ ენას – რუსულს, გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს. ის სწავლობდა მოსკოვში, მოგვიანებით გადავიდა მიუნხენში, სადაც 1898 წელს ჩაირიცხა სახვითი ხელოვნების აკადემიაში.
ალექსანდრ ზალცმანს დიდი წვლილი მიუძღვის ავანგარდული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებასა და ხელოვნებათა სინთეზის კონცეფციის შექმნაში, სადაც განსაკუთრებული როლი რიტმსა და განათებას ენიჭებოდა. ზალცმანმა დანერგა თეატრში ე. წ. გაბნეული, დიფუზური განათების ახალი პრინციპი და 1910-იანის დასაწყისში, შვეიცარელი კომპოზიტორის, ჟაკ-დალკროზის მიერ ჰელერაუში (გერმანია) მუსიკისა და რიტმის ინსტიტუტის თეატრალიზებული დღესასწაულებისთვის გამოიყენა. თეატრის ისტორიაში ზალცმანი შესულია, როგორც განათების პირველი მხატვარი და ოსტატი.
ზალცმანმა შექმნა განათების მეთოდი – „სინათლე სინათლეზე“ (თავად შეარქვა ასე), რომელშიც პროჟექტორის შუქს მზის სხვივივით იყენებდა. მისი შექმნილი განათების კონცეფცია ერთმანეთს უკავშირებდა სინათლეს, ფერსა და ბგერას.
განათების ნოვატორულ სისტემა ზალცმანმა 1916-1917-ებში მოსკოვში გამოიყენა ალექსანდრ ტაიროვის გახმაურებულ სპექტაკლში «ჶამირა-კიჶარედ», რომელიც ინოკენტი ანენსკის ამავე სახელწოდების ლექსად დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა და ტაიროვის თეატრის მანიფესტად იქცა.
1916-1917-ში ზალცმანი თავის მეუღლესთან, ჟანა ალემანთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1918-ში თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. 1918-19-ში გააფორმა პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა «პიკის ქალი», ჟაკ ოფენბახის ოპერა «ჰოფმანის ზღაპრები», ედვარდ ნაპრავნიკის ოპერას «დუბროვსკი», დიმიტრი არაყიშვილის «თქმულება შოთა რუსთაველზე», ზაქარია ფალიაშვილის «აბესალომ და ეთერი». 1918-ში მონაწილეობა მიიღო კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების გამოფენაში, ხოლო 1918 და 1919 წლებში – «მცირე წრის» («Малый круг») გამოფენებში. 1918-ის «მცირე წრის» გამოფენაზე გამოიტანა ჟურნალ «Jugend»-ში დასტამბული ნახატების ორიგინალები – მითოლოგიურ თემაზე შესრულებული სურათები სახელწოდებით: «ფლორა», – დიანა», «ორფეოსი». ზალცმანი პარალელურად მუშაობდა ქართული დრამის თეატრშიუ და თანამშრომლობდა თბილისის მოდერნისტულ და ავანგარდულ სახელოვნებო წრეებთან. ზიგა ვალიშევსკისთან ერთად მოხატა ოპერის ფარდა.
1920-იანის დასაწყისში ზალცმანი გურჯიევთან ერთად საქართველოდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, იქეიდან კი პარიზში გადასახლდა. ამ პერიოდის მისი შემოქმედება გურჯიევს და მის «ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს» დაუკავშირდა. გურჯიევის წარმოდგენებისთვისა პარიზსა და ნიუ იორკში, ზალცმანმა შექმნა აფიშები, კოსტიუმების ესკიზები, განათება და დეკორაციები. 1930 წელს, მათი გზები გაიყო. ოთხ წელიწადში ზალცმანი ჭლექით დაავადებული მხატვარი შვეიცარიაში გარდაიცვალა.