„ქართული სცენოგრაფიის პატრიარქი“, “ადამიანი, რომელმაც შემოსა ცეკვა“; მხატვარი „რომელმაც XX საუკუნის სცენოგრაფიაში შექმნა საკუთარი ხელწერა“ – ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ მხატვარ სოლიკო ვირსალაძეს – თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს, რომელმაც სცენოგრაფიაში მუსიკალური განწყობის შესაბამისი მხატვრული ენა შექმნა და უდიდესი როლი შეასრულა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ ჩამოყალიბებული ქართული ნაციონალური ბალეტის ისტორიაში.
14 წლის სოლიკო ვირსალაძე მოსე თოიძის დაარსებულ სახალხო სამხატვრო სასწავლებელში შევიდა. შემდეგ – თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1927-28), სადაც იოსებ შარლემანის სახელოსნოში სწავლობდა. თბილისის შემდგომ, სწავლა მოსკოვის უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტსა (ВХУТЕИН, 1928-30) და ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1930-31) განაგრძო. სტუდენტობის პერიოდში, თბილისის მუშა ახალგაზრდობის თეატრში, კონსტრუქტივიზმის სტილში გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი; 1932 წელს კი თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი გახდა. 1937 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში, სადაც კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში განაგრძო მუშაობა. 1945-1962 წლებში ამავე თეატრის მთავარი მხატვარი იყო. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სოლიკო ვირსალაძისა და ქორეოგრაფ იური გრიგოროვიჩის შემოქმედებითი ალიანსი: ქორეოგრაფი სოლიკო ვირსალაძეს თავის თანაავტორად თვლიდა. ამ თანამშრომლობის შედეგად საბალეტო დადგმის მხატვრული გაფორმების სრულიად ახლებური პრინციპი შეიქმნა, რომელსაც არტ-კრიტიკოსები „ფერწერული სიმფონიზმის“ სახელით მოიხსენიებენ. მის გაფორმებულ უამრავ საბალეტო სპექტაკლს შორის განსაკუთრებით აღნიშნავენ „სპარტაკს“.
უდიდესია სოლიკო ვირსალაძის წვლილი ქართული ტრადიციული კოსტიუმის განვითარებაში. მისი შექმნილია სამოსი ქართული ეროვნული ბალეტისთვის, რომელშიც განსაკუთრებით გამორჩეულია თამარ მეფისა და აჭარული ცეკვების კოსტიუმები. თამარ მეფის სამოსი მხატვარმა ვარძიის ფრესკის მიხედვით შექმნა. ის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს – მასში გამოყენებულია 3621 მარგალიტი, 154 მოოქროვილი და 158 მოვერცხლილი ბალთა.
სოლიკო ვირსალაძეს შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები სტუდია „ლენფილმის“ კინოფილმებისთვის „ჰამლეტი“ (1964) და „მეფე ლირი“ (1969).
სოლიკო ვირსალაძე იყო საქართველოს სსრ სახალხო (1958) და საბჭოთა კავშირის სახალხო (1976) მხატვარი. მიღებული ჰქონდა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში არსებული ყველა უმაღლესი ჯილდო: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1949, 1951, 1977), ლენინის პრემია (1970), ლენინის ორდენი (1958, 1979); ამასთან ერთად – ბრიუსელის მსოფლიო გამოფენის ვერცხლის მედალი (1958).
წყაროები:
https://sova.news/2022/01/18/244883/
https://www.rah.ru/the_academy_today/the_members_of_the_academie/member.php?ID=53555