Skip to content Skip to footer

ვაწაძე სერაპიონ

სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – სერაპიონ ვაწაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პლეადის წარმომადგენელია: მან 1922 წელს ჩააბარა ქანდაკებისა და დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტზე, თუმცა,  ამ მომენტისთვის დეკორატორობა უკვე  მისი მოწოდება და ხელობა იყო –  1913 წლიდან, ათი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში,  ის კერძო შეკვეთებს იღებდა შენობების გაფორმებაზე; 1920-21 წლის პერიოდში კი თბილისის ოპერის მხატვარ-დეკორატორის თანაშემწედ მუშაობდა. 

ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1926 წელს,  მუშაობა დაიწყო ქუთაისის დრამატული თეატრის,  შემდგომ კი მოსკოვის სხვადასხვა დაწესებულებების მხატვარ-გამფორმებლად. მოსკოვში მისი ყოფნა 1929 წლამდე გაგრძელდა.

1929 წლიდან მოყოლოებული,  ვაწაძის შემოქმედება და პროფესიული საქმიანობა საქართველოს კინოინდუსტრიას დაუკავშირდა –  მან დამდგმელ მხატვრად დაიწყო მუშაობა 1921 წელს დაფუძნებულ „სახკინრეწვში“(1953 წლიდან – „ქართული ფილმი“); 1938 წლიდან კი კინოსტუდიის მთავარი მხატვარი და სადადგმო ნაწილის გამგე გახდა. ის  მუშაობდა ქართული კინოსტუდიის ყველა გამორჩეულ რეჟისორთან: მიხეილ ჭიაურელთან, დავით რონდელთან, ლეო ესაკიასთან,   სიკო დოლიძესთან, შოთა მანაგაძესთან.

ვაწაძის დღემდე მოღწეული მემკვიდრეობა მოიცავს კინოაფიშებსა და ტუშით შექმნილ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებსაც მხატვარი ნაბეჭდი კინოსცენარების  ცარიელ გვერდებზე – მეორადი დამუშავების მოყვითალო ქაღალდებზე ხატავდა.  ეს ჩანახატები ამა თუ იმ კინოფილმის სცენებსა და პერსონაჟებს, ანდა, სცენარით გამოწვეულ განწყობილებებს  გამოსახავს.

სერაპიონ ვაწაძე დამდგმელი მხატვარია ფილმებისქ: “ზვავთა მხარეში” (1931), “უკანასკნელი ჯვაროსნები” (1933), “ჭირვეული მეზობლები” (1945), “ქართული ბალეტის ოსტატები” (1955), “ჩრდილი გზაზე”(1956), “ფატიმა” (1958), “მამლუქი” (1958), “ოტელო” (1960), “კეთილი ადამიანები” (1961), “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”(1965) და სხვ. შექმნა მრავალი ფერწერული ტილო (პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები). 1975 თბილისში,  მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 

გრაფიკული ნამუშევრების ფოტოები მოგვაწოდა გალერეამ “ვერნისაჟი”

სერაპიონ ვაწაძე
დაბადების წელი1899გარდაცვალების წელი1967AuthorAuthor nameShare

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.