პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სიგიზმუნდ ვალიშევსკი 1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც.
კირილ ზდანევიჩი იხსენებს, როგორ ხატავდა ვალიშევსკი ბავშვობაში პოლონეთის მეფეების პორტრეტებს. 1915 წელს თბილისში მისი პლაკატების გამოფენა მოეწყო. ამ დროს ის 18 წლისა იყო.
ვალიშევსკი გატაცებული იყო გოიას, რუბენსის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანტის, ენგრის, დელაკრუას, მანესა და სეზანის შემოქმედებით.
პირველ მსოფლიო ომში ვალიშევსკი მოხალისედ წავიდა ფრონტზე – თავის მეგობარ კირილე ზდანევიჩს გაყვა, რომელიც ასმეთაური იყო. კირილეს ზიგა უაფრთხოდ ყავდა სანგარში. ფრონტზე ყოფნა მეტად ნაყოფიერი გამოდგა მხატვრისთვის: მან ასეულის ყველა ჯარისკაცის პორტრეტი და შარჟი დახატა. გააკეთა უამრავი ჩანახატი.
ფრონტიდან ტფილისში იძულებით გამოშვების შემდეგ, 1917 წელს 20 წლის ვალიშევსკიმ ძმებ ზდანევიჩებთან და ლადო გუდიაშვილთან, პოეტებთან იური დეგენთან, კოლაუ ჩერნიავსკისთან და ყარა-დარვიშთან ერთად ფუტურისტების სინდიკატი დააარსა. ის მონაწილეობდა საზოგადოებრივი ლექციებისა და დისპუტების მოწყობაში, წიგნების გამოცემაში, თანამშრომლობდა ჟურნალებთან ARS და Искусство; შექმნა ილუსტრაციები წიგნისთვის Софьи Георгевне Мельниковой. Фантастический кабачок. 1917, 1918, 1919 და წიგნი-სატირა О путешествии Сергея Городецкого в Батуми.
1920 წელს, საქართველოში პოლონეთის ელჩის მიწვევით ვალიშევსკი პოლონეთში, კერძოდ, კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად.
1924-1930 წლები პარიზში გაატარა. მონაწილეობდა შემოდგომის სალონისა და ნატიფ ხელოვნების აკადემიის გამოფენებში. პერიოდულად ცხოვობდა და მუშაობდა კანში, არლში და ავინიონში. 1934 წელს ვენეციის XIX საერთაშორისო ზამთრის ბიენალეზე ხუთი ნამუშევარი გამოფინა.
ვალიშევსკიმ მონაწილეობა მიიღო ფანტასტიკური სამიკიტნოს მოხატვაში, ხოლო ალექსეი ზალცმანთან ერთად ტფილისის საოპერო თეატრის ფარდაზე დახატა კომპოზიცია პეგასი ღრუბლებში.
კირილე ზდანევიჩი იხსენებს, რომ ტფილისში ზიგა ვალიშევსკი ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. როგორც კირილ ზდანევიჩი წერს, მისი ნახატი “კეთილშობილებით და სულიერი სისპეტაკით” არის სავსე.
1918-1920 წლებში, ვალიშევსკი, თბილისის მემარცხენე ხელოვანებთან ერთად, ფუტურისტულ ნამუშევრებს ქმნიდა.
ამასთან ერთად, ხატავდა თავისი საყვარელი მხატვრების – ველასკესისა და რუბენსის გროტესკულ ციტატებსა და სკეტჩებს.
სერგეი ორლოვი თავის სტატიაში “ქართველი ფუტურისტების მოსკოვური თავშესაფარი,“ მის შესახებ წერს: ერთი მხრივ ვალიშევსკი ფანტასმაგორიულად ასახავს ნივთთა სამყროს, მეორეს მხრივ კი, მისი ენა და თემები სინთეზურია. ვალიშევსკის გროტესკული სამყაროს დასახლებულია სხვადასხვა ეპოქებისა და ქვეყნების პერსონაჟებით – ჯუჯებით, მარკიზებით, აკრობატებით, კომედიანტებით, ამურებით, ელფებითა და მარიონეტებით – ვალიშევსკი სხვადასხვა მხატვრული ტრადიციების სინთეზს ახდენს – ანტიკური თუ შუასაუკუნეებრივი, ბაროკალური თუ პოსტიმპრესიონისტული, ლუბოკისა და პრიმიტივის, თეატრალური აფიშისა თუ სხვა ენათა შერწყმით. მისი მხატვრობა თითქმის სიმბოლიზმის ზღვარზე, იგავის, თეატრის, სინამდვილისა და გამოგონილის მიჯნაზე არსებობს.
ტფილისის პერიოდი ალბათ ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი იყო მხატვრის შემოქმედებაში, რომელიც 1920 წელს დასრულდა. ლადო გუდიაშვილი იხსენებს, რომ იგი ზიგა ვალიშევსკის 1920-იან წლებში პარიზში მონპარნასზე შეხვდა. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა. 1920-1930-იან წლებში ქართველ მხატვრებსა და მას შორის აღარანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა.
1920-იან წლებში, სისხლძარღვების მძიმე დაავადების გამო, ზიგა ვალიშევსკის ორივე ფეხი მოკვეთეს. 1936 წელს კი იგი 39 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
წყარო: www.modernism.ge