Skip to content Skip to footer

ენუქიძე ვანო (ივანე)

ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. 1920 წელს, ენუქიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ვანო ენუქიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც  წარმატებით დაასრულა 1928 წელს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე  პოლიტიკურ მოვლენებში, ქართველი სტუდენტებიც აქტიურად  მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ახალგაზრდა ვანო ენუქიძეც, რომელიც თანამშრომლობდა არალეგალურ ორგანიზაციასთან სახელწოდებით: “ეროვნული სტუდენტური ფრონტი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.”

პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია 1929 წელს, 22 წლის ვანო ენუქიძის ემიგრაციაში წასვლა. მან დატოვა სამშობლო, არალეგალურად გადავიდა თურქეთში და ჩავიდა საფრანგეთში, სადაც სამუდამოდ დარჩა.

თავდაპირველად, ახალგაზრდა ვანო ენუქიძისათვის ეს დროებითი გამოსავალი უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც მისი საარქივო მასალებიდან ჩანს, იგი არ ფიქრობდა სამუდამო ემიგრაციაზე. თუმცა, მას სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში დარჩენა მოუწია.

პარიზში ჩასული ვანო მოხვდა ქართველი ემიგრანტების, ფაღავების ოჯახში. პარიზში ვერა ფაღავასთან დამეგობრებული ვანო დაუახლოვდა გარკვეულ მხატვრულ წრეს – ალფრედ მანესიეს, ჟან ბერთოლს, როჯერ ჰილტონს, ვიერა და სილვას, ნიკოლა ვაკერს, ფრანსუა სტალს და სხვ. 1937 წლიდან პარიზის სამხატვრო სასწავლებელში – რანსონის აკადემიაში ბისიერის კლასში სწავლობდა.

1946-48 წლებში იგი წარმატებით სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც დოქტორის წოდება მოიპოვა. უნივერსიტეტის წარმატებით დასურულების შემდეგ კი, 1948 წელს, სტიპენდია მიიღო ჰააგის სართაშორისო სამართლის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად.   

ვანო ენუქიძე ფართოდ ერუდირებული ახალგაზრდა იყო, რომელიც ერთნაირი ინტერესით ეცნობადა, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას, სამართალმცოდნეობას და სხვა.

1955 წლიდან ვანო ენუქიძემ მთლიანად მიუძღვნა თავი ფერწერას. როგორც 1955 – 1959 წლებში ვანო ენუქიძის მიერ შესრულებული ნამუშევრების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იგი როგორც მხატვარი, გატაცებულია აბსტრაქტული ხელოვნებით.

1958 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში –  საკრალური ხელოვნების სალონი და სპირიტუალური რეალობა (Salon d’Art Sacre et Realites Spiritualles) პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

1959 წლის გალერეა შარპანტიეს გამოფენა იყო მის კარიერაში გადამწყვეტი. სწორედ ამ გამოფენის განხილვებში ხვდება ვანოს სახელი პრესაში. 1958-1979 წლებში ვ. ენუქიძე რეგულარულად თანამშრომლობდა პარიზის რამდენიმე ცნობილ გალერეასთან, როგორიც იყო კრავენი, შარპანტიე, იფინება დამოუკიდებელთა სალონში, წარმატებული პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ჰქონდა საფრანგეთის გარდა იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, შვეიცარიაში. მასზე წერდნენ პრესაში, მას იცნობდნენ და მოიხსენიებდნენ პარიზში დამკვიდრებული სახელით – VANO.

ვერა   ფაღავა და  ვანო ენუქიძე აქტიურად  თანამშრომლობდნენ გალერეა „დარიალთან“, რომელიც 1972 წელს, ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა. გალერეა ეკუთვნოდა ქართველ ემიგრანტს, თამარ წულაძეს.

ჟურნალისტი და ხელოვნების კრიტიკოსი მიშელ კონილ ლაკოსტი (MICHELE CONIL LACOSTE) 1959 წლის 16 ოქტომბრის Le Monde-ის ნომერში, გამოქვეყნებულ სტატიაში – “Ecole de Paris“ წერდა: „ვანო, წარმოშობით ქართველი არტისტი, 1930 წლიდან დამკვიდრებულია პარიზში. მან მიატოვა იურიდიული პრაქტიკა და 1955 წლიდან თავი მიუძღვნა მხატვრობას. მისი მხატვრობა გვაგონებს დაშიფრულ დამწერლობას, კომპოზიციები თითქოს მოციმციმე ქსელებია, ელეგანტურობის ელფერით…“

ვანო ენუქიძეს ემიგრაციულ  ყოფაში განმსაზღვრელი ფაქტია მისი ურთიერთობა ფაღავების ოჯახთან. ფაქტობრივად ვანომ და ვერამ ერთად განვლეს მთელი ცხოვრება. ვერა ფაღავა ის მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლომდე გაიზიარა ვანო ენუქიძის სატკივარი. ის ზრუნავდა უკვე ალცჰეიმერით დაავადებულ მხატვარზე.

ვანო ენუქიძე 1979 წლის 21 თებერვალს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ვანო ენუქიძის  ნამუშევარი Souvenir de Luchent, დაცულია ქალაქ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 

მისი ნამუშევრების უმეტესობა დაცულია ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციაში.

ვანო (ივანე) ენუქიძე
დაბადების თარიღი1907გარდაცვალების თარიღი1979Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.