Skip to content Skip to footer

გძელიშვილი კონსტანტინე

კონსტანტინე გძელიშვილი იყო ფერმწერი. 1922-27 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1937-70 წლებში თავად ასწავლიდა აკადემიაში, ხოლო 1968 წლიდან იყო პროფესორი. 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება და მისი არქიტექურული ძეგლები. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი განსხვავება პეიზაჟების მცირე ზომის ეტიუდებისა და ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი, დიდი ზომის დასრულებული ფერწერული ტილოების დამუშავებას შორის. მხატვარი პეიზაჟის მოტივს უფრო „კამერულად“ ამუშავებს, მის იდეალიზაციას ცდილობს და ფართო ხედით მოცემული ეპიკური ხასიათის პეიზაჟებს ჟანრულ ელემენტებს უმატებს, რისი წყალობითაც სოცრეალიზმისთვის მისაღებ ფორმატში მოაქცევს მათ. სულ სხვაა პეიზაჟური ეტიუდები, სადაც ავტორი ალექსანდრე ციმაკურიძის პეიზაჟების მსგავსად, შესრულების თავისუფალ, თუმცა კი უფრო ემოციურ მანერას მიმართავს. კონსტანტინე გძელიშვილი არც ფორმათა განზოგადება- აბსტრაჰირებას ერიდება. ფუნჯის თითო მონასმით მონიშნული ხე, შორით დანახული ნაგებობა თუ ადამიანის ფიგურა გარკვეული პირობითობის მიუხედავად არ კარგავს სახვითობას, მაშინაც კი, როცა ავტორის სუბიექტური აღქმის ნაყოფად და მხატვრის ტემპერამენტის გამოხატულებად გვევლინება. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

კონსტანტინე გძელიშვილი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1902-1970Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.