Skip to content Skip to footer

გეგეჭკორი გიორგი

გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს სცენოგრაფიაშიც. გაფორმებული აქვს ოცზე მეტი სპექტაკლი. 1993 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალბერ კამიუს პიესა „კალიგულას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის სცენოგრაფიისთვის მიენიჭა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია. მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1990 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საგამოფენო დარბაზში. მომდევნო გამოფენათაგან აღსანიშნავია სოლო-ექსპოზიციები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (1999), თბილისის ხელოვნების სასახლეში (2017, 2019). მნიშვნელოვანი იყო სანტა ბარბარას სასახლეში (მადრიდი, ესპანეთი) გამართული მისი მონაწილეობით დუო-ექსპოზიცია – „ამონარიდები ორი იბერიის ისტორიიდან“ ესპანელ მხატვარ აუგუსტო ფერერ დალმაოსთან ერთად. გოგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული პორტრეტები გამოფენილია საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, დადიანების სასახლის (ზუგდიდი), ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ინტერიერებში. 2017 წლიდან დღემდე კი საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეა.

 

 

გიორგი გეგეჭკორი
დაბადების წელი1958Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.