მერაბ აბრამიშვილი 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა იმთავითვე განისაზღვრა. ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი…და საოცრად ნიჭიერად განხორციელებული სინთეზი მონუმენტურის, დეკორატიულისა და სახვითი გამომსახველობის… ასე გამოიყურება მერაბ აბრამიშვილის მხატვრული კრედო და მთელი მისი შემოქმედება თითქოს სხვადასხვა ფორმის რეპლიკაა ერთხელ არჩეულ ამ შემოქმედებით გზაზე. მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა “სოთბის” აუქციონზე, მხატვრის წარმატება საერთაშორისო დონეზე შედგა და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.