
გურამ გელოვანის რეტროსპექტული გამოფენა
11 აპრილი 18:00 - 15 ივნისი 18:00

გურამ გელოვანი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. აღსანიშნია, ამ პერიოდის ეპოქალური მოთხოვნა – წარმოჩინდეს „ბედნიერი საბჭოთა ყოფის“ ამსახავი თემები. იდეოლოგიური წნეხი არათავსებადია თავისუფალ შემოქმედთან. და მაინც არსებულ რეალობაში იყვნენ დიდი მხატვრები, რომლებიც მაღალპროფესიული აკადემიზმის საფუძველზე ქმნიდნენ მაღალ ხელოვნებას.გურამ გელოვანი 1955 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო თუ საერთაშორისო გამოფენებში. 1958 წელს მხატვრის ნამუშევარი ახალგაზრდობა დაჯილდოვდა საკავშირო მხატვართა კავშირისა და კულტურის სამინისტროს დიპლომითა და ოქროს მედლით. 1965 წელს კი მისი ნამუშევარი ოჯახი დუშეთიდან დაჯილდოვდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით. მისი ნამუშევრები თანადროული ეპოქის ამსახველი სამუზეუმო კლასიკაა.
მხატვრის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება. წარმოგიდგენთ გურამ გელოვანის 60-მდე ნამუშევარს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და საოჯახო კოლექციებიდან. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა 1961 წელს შექმნილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნამუშევარს- ინდუსტრიულ პეიზაჟს, რომელიც 60 წლის შემდეგ პირველად იფინება. ფართოა მხატვრის შემოქმედებითი დიაპაზონი.
მონუმენტურ პანოებთან ერთად გამოფენაზე იხილავთ მხატვრის ნაკლებად ცნობილ ლირიკული განწყობის პეიზაჟებსა და იმპრესიონისტული მანერით შექმნილ პორტრეტებსა და გრაფიკულ ჩანახატებს.
2025 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გურამ გელოვანის შემოქმედების რეტროსპექტულ გამოფენას.
გამოფენის გახსნა – 11 აპრილს, 18.00 საათზე.