- This event has passed.
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე – ლანდშაფტის მაგია
23 აპრილი 2023 18:00 - 15 ივნისი 2023 18:00

2023 წლის 23 აპრილს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იხსნება გურამ (ხიტა) ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა „ლანდშაფტის მაგია“ და გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია.
პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტის ორგანიზატორი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და ბაია გალერეა.
კურატორი ბაია წიქორიძე.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 15 ივნისამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 35 ფერწერული ნამუშევარი ეროვნული მუზეუმის ფონდიდან, მხატვრის ოჯახის და კერძო კოლექციებიდან.
გამოფენა „გურამ (ხიტა) ქუთათელაძე. ლანდშაფტის მაგია“ ერთი მხატვრის საგამოფენო პროექტის საშუალებით XX საუკუნის ქართული კულტურის იმ მოდელს წარმოგვიდგენს, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში ქართული მხატვრობის პროგრესულ პოზიციას და საერთაშორისო კულტურასთან ზიარების სურვილს გამოხატავს. სოცრეალიზმის მიერ 1930-იან წლებში ძალისმიერად შეწყვეტილ ავანგარდის და მოდერნიზმის იდეებს ხიტა ქუთათელაძე ახალი ფორმით ისევ აბრუნებს ქართულ მხატვრობაში და საბჭოთა იდეოლოგიის ჩაკეტილ სისტემას ახალი ტიპის მსოფლმხედველობით ეწინააღმდეგება.
ხიტა ქუთათელაძის მხატვრობის „ხატი“ თავიდანვე ჩამოყალიბდა: ლანდშაფტური მოდელი – დიდი პეიზაჟური სივრცეები გრანდიოზული მთებით, შემოდგომის მეწამულ – ყვითელი მინდვრებით, აგვისტოს ხვატით გადამწვარ მდელოებზე „მიგდებული“ სოფლებით, ნიადაგის მწვანე ხალიჩებით, ფხვიერი მიწით და ხეების ოქროსფერი ფარდაგებით, ქალაქის ფრაგმენტებით – ხეების ხლართში. და ეს სამოთხის მსგავსი სამყარო – საქართველოა. მისთვის სრულყოფილების მოდელი, რომლის შესაქმნელად ყველა მხატვრულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს: ფერს, ფორმას, ხაზს, ლაქას, სინათლეს, განწყობას. მთავარი ფერია, რომელიც სინათლის ძლიერი ჭავლით არის მოცული; ფერების „ჩანჩქერით“ მხატვარი ქმნის ფორმას, გამოსახულებას, ენერგიას, ემოციას, პოზიციას. ფერის მანიფესტაცია, ფერის კაშკაში, ფერის რესურსი – გამოვლენილია ფერწერის ყველაზე აქტიური და გაბედული სპექტრით. ამ ურთულესი ფერწერული კომბინაციების ფლობა და მათი საშუალებით მანევრირება – მხატვრის მთავარი იარაღია.
დღეს, სამყაროში მიმდინარე გამძაფრებული ეგზისტენციალური მღელვარებების ფონზე, ომის, ნგრევისა და დესტრუქციის გარემოცვაში, რომელიც ჩვენთან ტერიტორიულად და ემოციურადაც ძალიან ახლოს არის და ჩვენს ყოველდღიურ განცდებზე ყველაზე მძაფრად მოქმედებს, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სამყაროს ჰარმონიული „ხატების“ პრეზენტა- ცია, რომელიც ერთი შეხედვით პეიზაჟურ სახეს ატარებს, პოზიციურად კი – სრულყოფილების მოდელია, სილამაზის, ფერის, სტრუქტურისა და რიტმის ამოუწურავი რესურსით.
