Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ახალი კოლექციები – ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების სასახლე, ლიტერატურის მუზეუმი

25 თებერვალი 2023 17:00 - 12 მარტი 2023 17:00

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები, რომელთაც მუზეუმი მანამდე არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო იქ  წარმოდგენილი. მთლიანად ეს ახალი კოლექცია წარმოაჩენს  XX – XXI საუკუნეების ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს:

1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექციის შეძენისას არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში.  კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველ ჯგუფურ გამოფენაზე წარმოდგენილი სურათებიც. ამათ გარდა, სამინისტრომ მუზეუმისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია;     ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათები;  სერგო ქობულაძის,   კირილე ზდანევიჩის, ფელიქს ვარლამიშვილის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ირინა შტენბერგის, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი   ნამუშევარი.  ახალ კოლექციაში  მოხვდა   საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც,  რომელთა ავტორების   გამოფენები 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა ეროვნულ გალერეაში.

ხელოვნების მუზეუმის ახალშეძენილი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. პირველი სამი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში და დღემდე მიმდინარეობს სიღნაღის მუზეუმში.

ამჯერად ეროვნულ გალერეაში ეწყობა ამ ახალი კოლექციის   IV,  წინამორბედებთან შედარებით  გაფართოებული,  ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა მუზეუმების – საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმისა  და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ახალი კოლექციებიც.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმს 2021 წელს  სამინისტრომ,  ფონდების გამდიდრებისა და შევსების მიზნით, შეუძინა ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტის,  მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების წევრის – ილია აგლაძის არქივი. ის აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის,  უფრო დაზუსტებით კი, 1917 წელს მწერალთა კავშირის   დაარსებიდან  1921 წლამდე პერიოდის უაღრესად საინტერესო 373 ხელნაწერს, დოკუმენტსა და ფოტოს: მწერალთა ანკეტებს,  ბიოგრაფიებს, წერილებს,  განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომათა  ოქმებს, ხელწერილებს,   ღია ბარათებს, ქართველ მწერალთა კავშირის 1917 წლის პირველი კონფერენციის მასალას.

2021 წელსვე ქართული ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა  სამინისტროს მიერ შეძენილი გალაკტიონ ტაბიძის  დღემდე გამოუქვეყნებელი ოცი ხელნაწერი,   რომელიც  მოიცავს 32 ლექსს, დღიურის 6 ჩანაწერს, 1 პირად წერილს, 2 თარგმანსა და 10 ჩანახატს.

ხელოვნების სასახლიდან  კი  ამ ექსპოზიციაზე  სამინისტროს   მიერ შეძენილი 50-მდე ექსპონატი გამოიფინა. სამშობლოში დაბრუნებული დასავლეთევროპული კოლექციებიდან საყურადღებოა ფრანგი ორიენტალისტი მხატვრის, ჟან ჟოზეფ ბენჟამინ კონსტანტის (1845-1902), სურათი  ბიჭუნა ყაბალახსა და ჩოხაში.

ეროვნული გალერეა ასევე უმასპინძლებს  ქართველი მხატვრის, ირაკლი მდივნის  (1907- 1991), საქართველოში დაბრუნებულ 22 ნამუშევარს. ირაკლი მდივნმა 1930 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემია (ე.ლანსერეს კლასი). 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს დრამატულ თეატრებში. 1930 წლიდან იყო თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ნინა გერნეტის  ალადინის ჯადოსნური ლამფა, ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი,  ლეონიდ ბრაუსევიჩის  ჩექმებიანი კატა, ალექსეი ტოლსტოის  ბურატინოს თავგადასავალი და სხვა.  ახალშეძენილ კოლექციაში,  ძირითადად, ირაკლი მდივნის მიერ   XX საუკუნის 30-იან წლებამდე შექმნილი ნამუშევრებია შესული. მათში კარგად ჩანს მხატვრის ის მოდერნისტული მისწრაფებები, რომლებიც ქართულ მხატვრობაში 1937 წლის ცნობილი რეპრესიების შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყდა…

ხელოვნების სასახლის კოლექციებიდან ეროვნულ გალერეაში საგამოფენოდ   მოხვდა – ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებიც. 2022 წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს  ვალერიან სიდამონ- ერისთავის 110 ესკიზი და 1 ფერწერული ტილო გადასცა, ასევე მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილისათვის შეიძინა ფელიქს ვარლამიშვილის სურათი  ხვატი.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია  კულტურის სამინისტროს მიერ  2021-2022 წლებში  ხელოვნების სასახლისათვის შეძენილი   უნიკალური არტეფაქტები – ორი ავტოგრაფიული ნუსხა ილია ჭავჭავაძის  ცნობილი პუბლიცისტური წერილებისა.

Details

Start:
25 თებერვალი 2023 17:00
End:
12 მარტი 2023 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.