Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

რადიშ თორდია – 90

9 ოქტომბერი 18:00 - 8 ნოემბერი 18:00

 

2026 წლის 9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა „რადიშ თორდია – 90“.

რადიშ თორდია XX საუკუნის 60-იანი წლების შემოქმედთა თაობის – ე.წ. სამოციანელების თაობას წარმოადგენს. თაობას, რომელმაც დაარღვია საბჭოთა სოცრეალიზმისთვის სავალდებულო, ერთფეროვანი ჩარჩოები და მხატვრობაში ესთეტიკური გადატრიალება მოახდინა. შეიცვალა მხატვრის დამოკიდებულება რეალობისადმი: იდეოლოგიურად განსაზღვრული სიუჟეტის ნაცვლად, წინ წამოიწია ინდივიდუალურმა ხედვამ, ფერწერული საწყისის დამოუკიდებელმა ღირებულებამ და ეროვნული კულტურული მეხსიერების თანამედროვე მხატვრულ ენაზე ამეტყველების სურვილმა. ამ პროცესში რადიშ თორდიას შემოქმედება ინდივიდუალიზმით ნიშანდასმულ მნიშვნელოვან მოვლენად იკვეთება.

რ. თორდიამ 1956 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1962 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია(პედაგოგები ვ. შუხაევი, უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე). მისი მხატვრული აზროვნების განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი ს. ქობულაძის სახელოსნოში მიღებულმა გამოცდილებამ ითამაშა.

მხატვრის ადრეული პერიოდის შემოქმედება კლასიკური კომპოზიციური სტრუქტურით გამოირჩევა. მასში მკაფიოდ ჩანს ევროპული აკადემიური ფერწერისა და შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის თავისებური სინთეზი: ბაბუაწვერა (პირველი ვერსია 1968), დედის პორტრეტი, არქეოლოგები (1969) და სხვ.

1970-იანი წლებიდან რადიშ თორდიას შემოქმედებაში აშკარა ტრანსფორმაცია იწყება. მხატვარი ნაწილობრივ უარს ამბობს უტრირებულ ფორმებსა და ეპიკურ სიუჟეტებზე და იწყებს კამერული ნამუშევრების შექმნას. მისი ძირითადი ამოცანა ახლა უკვე წმინდადფერწერული ძიებანია – ხაზოვან საწყისს ფერის სიმბოლიკა და ფერწერული ექსპერიმენტები ენაცვლება. სწორედ ამ მხატვრულ-ესთეტიკურ ძიებებში იბადება რადიშ თორდიას შემოქმედების უმთავრესი თემა – ქალის სახე, სადაც სინატიფე, სხეულებრივი და სულიერი მშვენიერება ფერწერული პლასტიკის ენით ერთიანდება. 1970-იანი წლების ბოლოს რ. თორდია ქმნის მონუმენტურ ნამუშევარს: თბილისი მეტროპოლიტენის სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მოზაიკურ პანოებს.

რ. თორდიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში და მოპოვებული აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო და პრემია. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებში – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების, აჭარის ხელოვნებისა და სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, კიოლნის ლუდვიგის მუზეუმში, სარდინიის სამხატვრო აკადემიაში, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნაზე გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული გამოფენის კატალოგის „რადიშ თორდია – 90“ პრეზენტაცია.

გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

 

Details

Start:
9 ოქტომბერი 18:00
End:
8 ნოემბერი 18:00
Event Category:

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.