ილია პატაშური 1960-იან წლებში გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. 1939 წელს ხევშაში დაიბადა და, თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. თითქოს ის მუდმივად მითოლოგიზებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და ასეა ახლაც, ათეული წლების შემდეგ, როდესაც ასრულებს აბსტრაქტულ ფერადოვან სურათებს. ილია პატაშურის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია. უმთავრესად, ესაა ტრადიციული ჟანრები – ისტორიული, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ყოფითი სცენები. ყველა ამ ჟანრის სურათები შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. ფერი მასთან მითოლოგემის გამომხატველია. ილია პატაშურის ნამუშევართა ხილვა ნათელს ხდის, რომ ფერის ძიებამ ის აბსტრაქციებამდე მიიყვანა. იმის თქმაც შეიძლება, რომ აბსტრაქციული მხატვრული აზროვნებისაკენ მიდრეკილება მხატვრის ადრეულ შემოქმედებაშიც ჩანს, თუმცა აქ აბსტრაქცია ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით კი არაა, არამედ
ეს პატაშურისეული აბსტრაქციაა. ამ „ფერთა მეწყერშიც“, როგორც დავით ანდრიაძე უწოდებს პატაშურის შემოქმედებას, ჩანს რაციონალური, თუნდაც აკადემიური მიდგომა. მხატვარს მრავაწლიანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და წოდება, მათ შორის, 1975 წელს – საქართველოს კულტურის სამინისტროს პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის – ,,მწყემსის ოჯახი“, 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო 2001 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 2012 წელს ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მხატვარს გადაეცა თბილისის მერიის საპატიო სიგელი, 2018 წელს კი – ღირსების ორდენი.
