XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერა
6 ნოემბერი 2024 10:00 - 1 თებერვალი 2025 18:00
გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს-ის ე.წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში – თანადროული საქართველოს მკვიდრთა – მეფეების, დედოფლების, ბატონიშვილების, თავად-აზნაურების, სამხედრო პირების, მოხელეებისა და მოქალაქეების პორტრეტთა გალერეა.
ქართული ხელოვნების ისტორიის განმავლობაში მის მხატვრულ სტილთა ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული ტრადიციები. ყოველივე ეს განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე მცირე ქვეყნებისათვის ჩვეული ხვედრით. XVIIIს-ის II ნახევარსა და XIX ს-ის I ნახევარში აღმოსავლურისლამურ და დასავლურევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოიხატა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც. მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც. ამიტომაც XIX ს-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება. ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი – საქართველოს შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის დამკვიდრებაში, უდავოდ, არსებითი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა და განვითარებულმა XVIII ს-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტებმაც. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნამუშევარი, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიჩნეულია ტიპურობა, ზოგადობა და საყოველთაობა.
XVIII ს-ის დასასრულისთვის ხდება ერთგვარი შედუღება შემოსულისა და იმისა, რაც, ტრადიციულად, შუა საუკუნეებიდან მოდის და იქმნება ძალიან საგულისხმო ხელოვნება…. რუსეთის შემოსვლით არა უბრალოდ გაუქმდა მეფობა, არა უბრალოდ წაართვეს ეკლესიას თვითმყოფადობა, არამედ მოიშალა მთელი სოციალური წესრიგი. ხელოვნებაში ეს გამოიხატა იმით, რომ ჩვენ ვხედავთ სხვანაირ გადალაგებას – ისევ შემოდის კიდევ ერთი ტალღა ევროპული გავლენისა და ისევ მას ეგებება ადგილობრივი ტრადიცია. ეს ხდება 1820-იანი წლების მიწურულიდან და იქმნება ძალიან საინტერესო მოვლენა. ჩვენ მას ვუწოდებთ ტფილისურ პორტრეტს, თუმცა, როგორც ჩანს, ის არაა მხოლოდ თბილისური… ეს მოვლენა დღეს უკვე საკმაოდ კარგადაა ცნობილი. ჩვენ ვიცით, რომ იქ ნამდვილად ძალიან ბევრი მხატვარია, მაგრამ ისევ არანაირი სახელები და გვარები… არის არაერთი ნამუშევარი, სადაც ჩვენ ვხედავთ ქართულ ტრადიციას სახვითი ხელოვნებისა და სომხურ ტრადიციას, ამავე დროს, არის გამაერთიანებელი ნიშნებიც…ხან აღმოსავლური გაკრთება რაღაც, ხან უცებ ძველი, ჩვენი, შუასაუკუნოვანი სხვადასხვა შეხამებით. საინტერესოა, როგორ უკავშირდება ეს მოვლენა იმ დასს მხატვართა, რომელნიც გამოდიან საასპარეზოდ XIX ს-ის დასასრულ…
ტექსტი მომზადდა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის – XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი მიხედვით