Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ოთარ ჩხარტიშვილი : თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება

20 ივნისი 2023 18:00 - 10 სექტემბერი 2023 18:00

ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა – თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება: “წელიწადის ოთხი დრო – ჩემი ეზო” და „ახალი რეალიზმი“. გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან,1967 წლიდან 2002 წლამდე შექმნილი, ოთარ ჩხარტიშვილის 60 ნამუშევარიa (ფერწერა, კოლაჟი, ასამბლაჟი და ობიექტი) წარმოდგენილი.

ოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე.წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს Zimmerli Art Museum-ის   (ნიუ-ჯერსი, აშშ)  მიერ მისი კოლაჟის – სპილოს  შეძენამ სუკ-ის ყურადღება მიიპყრო. „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა”, ვკითხულობთ მხატვრის ავტობიოგრაფიაში.

ოთარ ჩხარტიშვილი ერთნაირად უკომპრომისო იყო  ცხოვრებასა თუ  ხელოვნებაში. ის იყო დიდი მხატვარი და ასეთივე მასშტაბის ფერმწერი და ინსტალიატორი, რაც ოფიციოზისა და მაშინდელი რეჟიმის მსახურთათვის შოკის მომგვრელი გახლდათ. ნამუშევრები, შექმნილნი არატრადიციული მასალების ან საგნების მეშვეობით, ამოგლეჯილნი ჩვეული კონტექსტიდან, ლახავდნენ სოცრეალიზმის ურყევ პრინციპებსა და აკადემიურ დოგმებს. ოთარ ჩხარტიშვილის ძიებამ გამოკვეთა მხატვრის მიზანი, მოეძებნა აქტუალური მხატვრული მიდგომა და სოცრეალიზმის საპირისპიროდ შეექმნა „ახალი რეალიზმი“, რომელიც ასახავდა თანამედროვე გრძნობათა წყობას და არა იდეოლოგიას. ამ მხრივ იგი ბოლომდე დარჩა თანმიმდევრული და პატიოსანი. ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გზა მან თვითგანახლებისაკენ სწრაფვაში განვლო. ოთარ ჩხარტიშვილის მხატვრულ მემკვიდრეობაში აღსანიშნია კონცეპტუალური სერია   “წელიწადის ოთხი დრო –  ჩემი ეზო”.  აქ პირველად ჩნდება ქართულ ხელოვნებაში ხელოვნებისადმი ანტიფორმალისტური მიდგომა, როცა ესთეტიკური ასპექტი მეორეხარისხოვნად იქცა კონცეფციასთან შედარებით.

ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.  ნიუ ჯერსის  Zimmerli Art Museum-ში, ინახება მრავალი კერძო კოლექციონერის საცავებში. 2016 წელს SotHeby-ის აუქციონზე გაიყიდა ოთარ ჩხარტიშვილის ორი ნამუშევარი – სახურავზე   და   სოხუმი.

ოთარ ჩხარტიშვილის  სიცოცხლის ბოლო წლები ამბიციებისგან დაცლილია.  ეგზისტენციალური გამოსავალი და მისი, როგორც მხატვრის, თვითგამოხატვის სოციალური გამოსავალი სიცოცხლის ბოლო წლებშიც ერთმანეთს დაემთხვა: როგორც  სოციალურმა მხატვარმა, მან მასწავლებლის  მისია იტვირთა და შექმნა წიგნი  ოთარ ჩხარტიშვილის “სახვითი ხელოვნების სწავლების საწყისები”, გამოფენაზე ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგანიზატორი – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.

გამოფენის კურატორი ალექსანდრა გაბუნია, თანაკურატორი ნინო ასანიძე.

Details

Start:
20 ივნისი 2023 18:00
End:
10 სექტემბერი 2023 18:00
Website:
http://museum.ge

Organizer

Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.