- This event has passed.
პერ ჰესი / ნეონის შუქზე / საქართველოს ეროვნული გალერეა
29 სექტემბერი 2023 19:00 - 29 ოქტომბერი 2023 18:00

კონცეპტუალისტი ხელოვანი, პერ ჰესი 1946 წელს კონსბერგში, ნორვეგიაში, დაიბადა. განათლება ოსლოს ხელოვნებისა და ხელოსნობის კოლეჯში მიიღო, დაამთავრა სამხატვრო აკადემიაც.
მის წარმატებულ ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებაში 2013 და 2017 წლების ვენეციის ბიენალეები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ჰესის ნამუშევრები ხასიათდება გამოკვეთილი ინდივიდუალურობით. ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში არსებულ ჰუმანისტურ გამოწვევებზე.
საქართველოში პერ ჰესის პირველი ვიზიტი 1988 წელს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვევის ფარგლებში შედგა. ის საქართველოში ორჯერ 2018 და 2022 წლებში დაბრუნდა, ამ მოგზაურობამ მისი მხატვრულ-ესთეტიკური და ჰუმანისტური მსოფლხედვა კიდევ უფრო გაამდიდრა და გააფართოვა. პერ ჰესი პირველი ნორვეგიელი მხატვარია, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეა მასპინძლობს.
ამ გამოფენაზე ექსპონირებული ჰესის კონცეპტუალური ნამუშევრები შექმნილია ნეონის ტექნიკით, როგორც ყველაზე გავრცელებული, ერთი ფერის ნეონის, ასევე ხელოვანის მიერ ამ ტექნიკისადმი ინოვაციური მიდგომით შემუშავებული, მრავალი ფერისაგან შემდგარი ნეონის მილებით.
მისეული აღქმა და ასახვა, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სინათლისა ძალიან მრავალფეროვანი და ვრცელია. შუქისა და ფერის ურთიერთობა უწყვეტად მიმდინარე პროცესია, როგორც მეტაფიზიკური და სულიერი, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა პერ ჰესისათვის შემოქმედებითი შთაგონების მნიშვნელოვანი სტიმული. მისი რეფლექსია პოლიტიკურ, ფილოსოფიურსა და ეკოლოგიურ ასპექტებს მოიცავს, ისევე როგორც უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებას.
პერ ჰესის დიალოგი საზოგადოებასთან მიმდინარე ეგზისტენციურ ცვლილებებს ეფუძნება. თუმცა, მისთვის ბუნებასთან ჰარმონია, უსაფრთხოება, თავისუფლება და მშვიდობა მაინც ის უნივერსალური ღირებულებებია, რომლებიც ხელოვანმა უნდა ასახოს.
