კოკი მახარაძე 95
6 თებერვალი 18:00 - 7 მარტი 18:00

კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ქართველი მხატვრის, მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის — კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა. ეს არის ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა.
კოკი მახარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1950–60-იან წლებში გამოვიდა და სოცრეალიზმის ეპოქაში ჩამოაყალიბა საკუთარი, განსხვავებული სახვითი ენა — სიმბოლისტურ-მეტაფორული კომპოზიციებით დატვირთული, მკვეთრად ეროვნული თემატიკის ნამუშევრები.
აკადემიაში სწავლის პერიოდში (1943–1953) მისი შემოქმედებითი ძიებები უკავშირდებოდა ისტორიული ჟანრის და აკადემიური რეალისტური ფერწერის ტრადიციებს. იგი იყო აპოლონ ქუთათელაძის და უჩა ჯაფარიძის მოწაფე. ცალკე დგას მისი სოცრეალისტური ნამუშევრების სერია, რომელზეც 1960–70-იან წლებში მუშაობდა.
1980-იანი წლებიდან იცვლება მისი წერის მანერა — ჩნდება წითლისა და შავის მისტიკურ კოლორიტში გადაწყვეტილი ექსპრესია (ვენეციისა და ინდოეთის სერიები). ქართულ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს ახასიათებს ფორმათა და ფიგურათა მძაფრი დინამიკა, ფერადოვანი ლაქებით გადმოცემული სიუჟეტის ემოციური გამძაფრება, ფონის აბსტრაგირება („ცეცხლითა და მახვილით“, „ამაღლება“, თბილისის ხედები).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ყველასათვის ცნობილი მონუმენტური ტილო „მიწა ქართული“, რომლის გვიანდელი ვერსია მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეს. ასევე გამოიფინება 1970–80-იან წლებში შექმნილი სერიები და გრაფიკული ჩანახატები, რომელთა ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება.
გამოფენის გახსნა გაიმართება 6 თებერვალს, 18:00 საათზე, და დამთვალიერებლებს 7 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
