- This event has passed.
ზურაბ ფორჩხიძე 90
20 ივნისი 18:00 - 3 აგვისტო 18:00

ეროვნული გალერეა მასპინძლობს საქართველოს დამსახურებული მხატვრის ზურაბ ფორჩხიძის(1934-1993) საიუბილეო გამოფენას
20.06.2025-03.08.2025
ზურაბ ფორჩხიძე დაიბადა ქუთაისში, 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტზე (წიგნის ილუსტრაციის სახელოსნო, ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ყუბანეიშვილი). 1970 წელს დაასრულა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურა(ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კეშელავა).
საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე ზურაბ ფორჩხიძე 60-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული წიგნის მხატვრულ გაფორმებაში. ზურაბ ფორჩხიძე თანამშრომლობდა თავისი დროის პოპულარულ ჟურნალებთან: „დილა”, „პიონერი“, „ნიანგი,“. იყო გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების“ მხატვრული რედაქტორი. გაფორმებული აქვს ასზე მეტი მხატვრულ-ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული სახელმძღვანელო, წიგნი და გამოცემა.
საოცრად ფართო იყო მხატვრის შემოქმედებითი დიაპაზონი. თანაბრად მაღალმხატვრული გამომსახველობით ამკობდა კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და მსოფლიო, დასავლურ და აღმოსავლურ ლიტერატურას. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბავშვო ლიტერატურას. თაობებისთვის ძვირფასია ეს წიგნები: სიმონ გუგუნავას თამარიანი; ლადო ასათიანის ბასიანის ბრძოლა; არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი და ჯადოსნური კაბა; რიუნოსკე აკუტაგავასა და იასუნარი კავაბატას ნაწარმოებები და მრავალი სხვა. ზურა ფორჩხიძემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ ლიტერატურას ნაზიარები უამრავი ადამიანის სულიერ სამყაროზე.
გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართება მხატვრის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია
გამოფენის გახსნა და წიგნის პრეზენტაცია- 20 ივნისს, 18.00 საათზე.
