Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა

18 მაისი 17:00 - 15 ივნისი 18:00

 

2025 წლის 18 მაისიდან 2025 წლის 16 ივნისამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას – ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა. იგი ეძღვნება ალექსანდრე შერვაშიძეს (1867-1968) – მხატვარს, სცენოგრაფს, ხელოვნების კრიტიკოსსა და აფხაზეთის მთავართა – შერვაშიძეთა საგვარეულოს სახელოვან შთამომავალს.
ფეოდოსიაში დაბადებული, გადასახლებაგამოვლილი, ქართველ-აფხაზი არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენლის – ალექსანდრე შერვაშიძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ჩამოყალიბდა და განვითარდა რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.
ეს გამოფენა ასახავს ალექსანდრე შერვაშიძის – მხატვართა გაერთიანება მირ ისკუსტვას საპატიო თავმჯდომარისა და პარიზის მონპარნასის წევრის შემოქმედებით გზას. 1909 წლისთვის ის გახდა ფრანგ მხატვართა ეროვნული საზოგადოების წევრი და საერთაშორისო გამოფენების აღიარებული მონაწილე. მან შექმნა უნიკალური სახვითი ენა, რომელიც აერთიანებდა ქართულ, რუსულსა და ევროპულ მხატვრულ ტრადიციებს.
გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შერვაშიძის საქმიანობას სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინის სფეროში, მის თანამშრომლობას დიდ რეჟისორ ვსევოლოდ მეიერხოლდთან პეტერბურგის საიმპერატორო თეატრსა და მოგვიანებით სერგეი დიაგილევის ლეგენდარულ რუსულ ბალეტთან. შერვაშიძის სცენოგრაფიული ნამუშევრები, მათ შორის, მასხარა ტანტრის, პრომეთე და შოთა რუსთაველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული მოდერნისტული თეატრისა და ბალეტის ვიზუალური ენის ჩამოყალიბებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია შერვაშიძის მიერ შესრულებული სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ესკიზები, ფერწერული ნამუშევრები, ილუსტრაციები, მისი პირადი არქივის დოკუმენტები, ფოტომასალა და აფიშები, რომელიც ასახავს მხატვრის ნაყოფიერსა და წარმატებულ საქმიანობას ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში, მადრიდსა და მონტე-კარლოში.
1958 წელს შერვაშიძის მიერ საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და სოხუმის სურათების გალერეისთვის ნამუშევრების გადაცემამ ხაზი გაუსვა მის უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოს მიმართ, რაც, იმავდროულად, მისი სიმბოლური დაბრუნებაც იყო საქართველოში.
სერჟ ლიფარის შეფასებით, ალექსანდრე შერვაშიძე იყო თეატრალური და დიაგილევის რუსული ბალეტების მხატვრული იდეების სულისჩამდგმელი, დასავლეთში თეატრალურ-სამხატვრო რევოლუციის აქტიური მონაწილე.

გამოფენის ორგანიზატორია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან შერჩეული 250 ექსპონატი.
პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

გამოფენის კურატორი – ნანა შერვაშიძე.

 

Details

Start:
18 მაისი 17:00
End:
15 ივნისი 18:00
Event Category:

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.