შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გახსნა
8 ოქტომბერი 2024 10:00 - 8 ოქტომბერი 2026 18:00
ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა რამდენიმე წელია ვერ იღებს დამთვალიერებელს, რადგან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს. მისი რეაბილიტაცია ობიექტურ მიზეზთა გამო რთული და ხანგრძლივი პროცესია. სამუზეუმო ცხოვრების განსაახლებლად გადაწყდა მუზეუმის ე. წ. მეორე კორპუსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რაც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა. სრულად განახლდა 6000 კვ.მ ფართობის სივრცე, სადაც განთავსდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება 8 ოქტომბერს 10:00 საათიდან, მომდევნი დღეებშიც მუზეუმი ღია იქნება 10 საათიდან 6 საათამდე.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალგარემონტებულ სამუზეუმო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია:
შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურა
ქართული ხელოვნება. 1900-1930
პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე.
გამოფენა – შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურა
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების ქვაზე კვეთილობის ნიმუშები, რომლებიც ფიგურული გამოსახულებებისა თუ ორნამენტული დეკორის სახით ამკობდა ქრისტიანული ტაძრების ფასადებსა და ინტერიერებს, კანკელებს, ქვა-ჯვრებსა თუ ფილა-სტელებს. გამოფენის მშვენებაა ქართული ასომთავრული ანბანით შესრულებული X საუკუნის სამშენებლო წარწერა შეპიაკის ტაძრის კარის ტიმპანზე. მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა XI საუკუნის კანკელები: ატენის, ზედაზნის, წეროვნის, საფარის, ურთხვისა და სხვ. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდისა და რეგიონის სტელათა ფრაგმენტები და მათი დამაგვირგვინებელი ე. წ. თავისუფალი ჯვრები.
გამოფენა – ქართული ხელოვნება . 1900-1930
ექსპოზიცია ასახავს ქართული ხელოვნების მიმზიდველ ნარატივსა და მის განვითარებას საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი პერიოდის კონტექსტით. XX საუკუნის დასაწყისში თბილისი იყო მულტიკულტურული ჰაბი და სამოთხე ხელოვანთათვის. ეს ეპოქა მოიცავდა საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის (1918-1921) პერიოდს, გასაბჭოებასა (1921 წელს) და საბჭოთა ათწლეულს. გამოფენა მოგვითხრობს, თუ როგორ ვითარდებოდა ქართული ხელოვნება ამ მღელვარე ცვლილებების ფონზე. ახალ, დინამიკურ საგამოფენო სივრცეში განთავსებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს, წარუდგინოს საზოგადოებას ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც განსაზღვრავს მხატვრული ინოვაციებისა და კულტურული ტრანსფორმაციის ეპოქას.
თხრობა იწყება ნიკო ფიროსმანის ბრწყინვალე ნამუშევრებით, რომლებსაც გადავყავართ ფიროსმანის სამყაროში. ეს გამოცდილება გვაცნობს მხატვრის უნიკალურ სტილს, მისი შემოქმედების სიღრმესა და მრავალფეროვნებას. ამ პერიოდის ქართული ხელოვნების განვითრების სურათს, სტილთა და გავლენათა ფართო დიაპაზონს ქმნის გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დიმიტრი შევარდნაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები. ამ ხელოვანთა მხატვრული ძიებები, მოდერნისტული გამომსახველობითი ენა და გაბედული ავანგარდული ექსპერიმენტები გვთავაზობს გლობალური მხატვრული დიალოგის პანორამულ ხედვას, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ ხელოვნებაზე ამ ტრანსფორმაციულ პერიოდში. ისტორიულ კონტექსტში ქართული ხელოვნების ფორმირებასა და განვითარებაზე ფოკუსირებული ეს გამოფენა ხელოვნების უნივერსალური ენის წარმოჩენით ცდილობს, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უფრო ღრმა გააზრებას.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ექსპონირებული იქნება მოქანდაკე რეზო ხასიას მიერ რეკონსტრუირებული დიდი ქართველი მხატვრის – დავით კაკაბაძის ქანდაკება –აბსტრაქტული ფორმა. ეს ქანდაკება დავით კაკაბაძემ 1926 წელს პარიზში შექმნა. შემორჩენილია მხოლოდ თავად ავტორის მიერ გადაღებული ფოტო, რომლის საფუძველზე განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ახალი უნივერსალური კონცეფციის შესაბამისად გამოფენა მეტად მისაწვდომი გახდა უსინათლო და მცირმხედველი დამთვალიერებლებისა და მათი ოჯახებისათვის. სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრების ტაქტილური რელიეფური ასლები, ამ სახის ობიექტების დამატება გამოფენაზე საქართველოში პირველად ხდება. გარდა ამისა ექსპოზიციაზე წარმოდგენილ 18 ნამუშევარს თან ახლავს აუდიოაღწერა.
გამოფენის ფარგლებში ნიკო ფიროსმანაშვილის საგამოფენოდ შერჩეულ 12 ნამუშევრიდან ოთხ ნამუშევარს ჩაუტარდა რესტავრაცია – კონსერვაცია
გამოფენა – პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე
ეს გამოფენა გვაცნობს ევროპული ხელოვნების შთამბეჭდავ ევოლუციას XIV საუკუნიდან 1930-იან წლებამდე. ქრონოლოგიურად წარმოდგენილი ექსპოზიცია გავლენიან სამხატვრო სკოლებსა და ისტორიულ ცენტრებთან ერთად ქრონოლოგიურად წარმოაჩენს სტილების, ტექნიკების, ჟანრებისა და თემების იმ დინამიკურ ცვლილებებს, რომლებმაც განაპირობა ევროპული ხელოვნების ფორმირება სხვადასხვა ეპოქაში. გამოფენა პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე დროში მოგზაურობაა, რომელიც გთავაზობს ევროპული ხელოვნების განვითარების პანორამას ადრეული რენესანსიდან მოდერნიზმის ეპოქის ჩათვლით: პაოლო ვენეციანო, ბერნარდო დადი, რეფორმაციის მთავარი მხატვარი – ლუკას კრანახ უფროსი, გვიდო რენი, ჟაკ ლუი დავიდი, ასევე ნიდერლადული ფერწერის ოქროს საუკუნის მხატვართა ბრწყინვალე ნატურმორტები და ჟანრული სცენები, ონორე დომიეს სოციალური კრიტიკა, ოდილონ რედონის ვიზიონერული სიმბოლიზმი და ოგიუსტ როდენისა და არისტიდ მაიოლოს დახვეწილი ქანდაკებები. ამ მოგზაურობაში თქვენ ასევე აღმოჩნდებით XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სამხატვრო გაერთიანება ხელოვნების სამყაროს წევრების: მიხაილ ვრუბელის, სერგეი სუდეიკინისა და ლეონ ბაკსტის შემოქმედების მხატვრული ალქიმიის მომაჯადოებელ სამყაროში. მოგზაურობა დასრულდება ევროპული ხელოვნების ახალი პარადიგმის სივრცეში – XX საუკუნის დასაწყისის ავანგარდის ტერიტორიაზე, სადაც გელოდებათ ვასილ კანდინსკის, ფერნან ლეჟეს, ოსვალდო ლიჩინისა და მიხაილ ლარიონოვის ბრწყინვალე ნამუშევრები.
გელოდებით გამოფენაზე!