Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნინა გამსახურდია – VELUM

7 აგვისტო 18:00 - 7 სექტემბერი 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ნინა გამსახურდიას პერსონალურ  გამოფენა VELUM-ს.   ასეა სახელდებული  ხელოვანის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი,     რომელიც  2024 წელს   შვეიცარიის წმ. ლუკას  საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტ www.lukasgesellschaft.ch-ისათვის შეიქმნა. როგორც ტრანსკულტურული და ინტერრელიგიური ხელოვნების ნიმუში, ის  შვეიცარიის სხვადასხვა ტაძარში განსათავსებლად მოიაზრება. დღეს  VELUM-ი  რიგით მეხუთე საკრალურ სივრცეში- ბაზელის კარტაუზერის ეკლესიაშია გამოფენილი. ეროვნულ გალერეაში კი  ეს პროექტი ციფრული პროექციის სახითაა წარმოდგენილი.

ნინა გამსახურდიამ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. იგი იკვლევდა  შუა საუკუნეების ხელოვნებას. თუმცა, მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო გაცილებით ფართო იყო: ქრისტეანობამდელი  უძველესი კულტურები, დასავლური და აღმოსავლური პრაქტიკები, კულტურები, რომელთა არსი ტრანსცენდენტურთან მიახლებაა. ამ უზარმაზარ მემკვიდრეობაში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა  სახელოვნებო მასალა.  ნინა გამსახურდია 1992 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში საოცრად მრავალმხრივი აღმოჩნდა ნინა გამსახურდიას მოღვაწეობის არეალი.   ის კითხულობს ლექციებს, აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებსა  და თარგმანებს, დაკავებულია  შუა საუკუნეების ხატების  ექსპერტიზითა და რესტავრაციით…   2018 წელს დააარსა კულტურული ასოციაცია ICONARIUM.ORG-ი,  რომელიც ეწევა შვეიცარიაში დაცული რელიგიური არტეფაქტების არქივირებას, დაცვასა და  გამოფენების ორგანიზებას.

ამავდროულად,  ემიგრაციაში ნინა გამსახურდია   შედგა  როგორც ხელოვანი. სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე წარმოშობილი მისი ხელოვნება არავის  ჰგავს. როგორც პოსტმოდერნისტი ხელოვანი,  ის არღვევს სახვითი ხელოვნების დარგების საზღვრებს. მის მიერ შექმნილი არტეფაქტები ერთდროულად ფერწერაცაა  და ქანდაკებაც  ან, უფრო ზუსტად, აბსტრაჰირებული,  კონცეპტუალურად დატვირთული ობიექტებია.

…ვინც ისწავლა ტრადიციასთან ურთიერთობა, შეუძლია, გათავისუფლდეს მისგან, შეეთამაშოს მას…- ნინა გამსახურდია.  ხელოვანი შემოქმედებით დიალოგშია უძველეს კულტურათა ტრადიციებთან  და გვიზიარებს   ტრანსცენდენტურთან მიახლების საკუთარ გზას.   ხელოვნების ნიმუშის შექმნის პროცესში მხატვარი თვითონ ამზადებს ყველაფერს-  ხისა და ტილოს ფორმატსა  თუ გრუნტს, ასევე  ფერებსა და ვერნიქსსაც.  განსაკუთრებით ყურადსაღებია მის მიერ გამოყენებული ფერთა დამზადების უძველესი ტექნიკა  ისეთი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მინერალებისაგან როგორებიცაა ლაპისლაზული, იასპი, ოპალი, ფირუზი, მალაქიტი, ნეფრიტი, ალმასი, ძოწი, ქარვა, მარჯანი, სინგური და ა.შ.

ნინა გამსახურდია ბოლო წლებში თანამშრომლობს ქართველ გეოლოგსა და „ფერთა მეცნიერთან“ მურად ტყემალაძესთან, იყენებს საქართველოში მოპოვებულ   მინერალთა პიგმენტებს.

ვერნისაჟთან ერთად შედგება მხატვრის შესახებ  წიგნის პრეზენტაცია, რომელიც პროფ. ქეთევან კინწურაშვილთან ერთად მომზადდა  და გამოიცა შვეიცარიაში, გამომცემლობა Alataverlag მიერ.

გამოფენა გაიხსნება 7 აგვისტოს 18:00 საათზე და გასტანს 7 სექტმებრის ჩათვლით.

Details

Start:
7 აგვისტო 18:00
End:
7 სექტემბერი 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.