Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ირაკლი გამრეკელი – 130

14 მარტი 2024 18:00 - 14 აპრილი 2024 18:00

 

მიმდინარე  წელს, გამოჩენილი  ქართველი მხატვრის, ილუსტრატორისა და სცენოგრაფის, ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება.

ორგანიზაცია არტ-ფთი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ირაკლი გამრეკელის რესტროსპექტიულ გამოფენას აწყობს, რომელიც 2024 წლის 14 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გასტანს.

გამოფენა 14 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. N 11, თბილისი).

ირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მხატვრის ფენომენი ყველაზე ნათლად სცენოგრაფიაში გამოვლინდა.  მისი უნიკალური მხატვრობა,  გადაჭარბებული თეატრალური ჟესტიკულაციითა და უტრირებული მიმიკით   ექსპრესიონისტულ მანიერიზმად შეიძლება მივიჩნიოთ.

ირაკლი გამრეკელი ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია.  ქართული თეატრის რეფორმატორებთან, კოტე მარჯანიშვილთან და ალექსანდრე ახმეტელთან ერთად, მან  დარგის  თეორიული საფუძვლები განსაზღვრა, ნოვატორული ძიებებითა და თამამი ექსპერიმენტებით  ქართული სანახაობრივი თეატრის ტრადიციები ააღორძინა.

ირაკლი გამრეკელისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ   წარმოჩინოს მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპი, აჩვენოს მისი ღვაწლი   ქართული სახვითი ხელოვნებისა და სცენოგრაფიის განვითარებაში.

ექსპოზიციაზე პირველად იქნება ექსპონირებული ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ადრეული პერიოდის სცენოგრაფიიდან, ასევე – საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წიგნის გრაფიკის ნიმუშები, მხატვრის გაფორმებული საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ესკიზები და  ვიდეოკოლაჟი, რომელშიც აქცენტი ირაკლი გამრეკელის კინო-მხატვრობაზე იქნება გაკეთებული.

გამოფენაზე თავმოყრილია ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციებიდან: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ხელოვნების სასახლის, რუსთაველის ეროვნული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრების ფონდებიდან, არჩილ დარჩიას,  გალერეა გამრეკელის, მაკა და ეკა არბოლიშვილების კერძო  კოლექციებიდან.

ზემოთჩამოთვლილი ყველა ორგანიზაცია და კერძო პირი აქტიურად თანამშრომლობდნენ  ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი  საიუბილეო წიგნი – ალბომის შექმნის პროცესში, რომლის ელექტრონული ვერსიის მომზადება განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კიკვაძე

Details

Start:
14 მარტი 2024 18:00
End:
14 აპრილი 2024 18:00

Organizer

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.