Skip to content Skip to footer

შევარდნაძე დიმიტრი

დიმიტრი შევარდნაძე, მოდერნისტი მხატვარი, სცენოფრაფი და კურატორი – საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი; ცნობილი მოღვაწე, რომლის ინსტიტუციურმა საქმიანობამ უდიდესი წვლილი შეიტანა სახელმწიფო სამუზეუმო კოლექციების შექმნაში და 1920-1930 იანი წლების  კულტურული ცხოვრება განსაზღვრა.  

შევარდნაძე 1885 წელს გურიის სოფელ ბახვში დაიბადა. 1906-1914 წლებში მუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნებისას, 1916 წელს ქართველ ხელოვანთა   საზოგადოება დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ორი მთავარი სახელოვნებო ინსტიტუციის – საქართველოს ეროვნული გალერეისა (1920) და თბილისის სამხატვრო აკადემიის (1922) დაარსებაში.

მისი ინიციატივით, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ერთერთი მთავარი მიმართულება ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის აღწერა, მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება გახდა.

1916 წელს სამეცნიერო ექსპედიცია შედგა ნაბახტევისა და დავით გარეჯის მონასტრების შესასწავლად. საამისოდ, შევარდნაძემ  იმ დროის საუკეთესო ახალგაზრდა მხატვრები შეკრიბა, რათა არქიტექტურის ჩანახატები და ფრესკის ასლები გაეკეთებინათ.

1917 წელს, პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მან ორგანიზება გაუკეთა მხატვრების ექსპედიციას საქართველოს სამხრეთის ისტორიულ რეგიონებში, სადაც შეისწავლეს ტორტუმ-ისპირის ველი და  იქაურ ძეგლებში ფრესკების ფოტოფიქსაცია მოხდინეს.

ამავე წელს, კირილე და ილია ზდანევიჩებთან ერთად, დიმიტრი შევარდნაძემ მისივე ბინაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა მოაწყო.  1918 წელს,  ივანე ჯავახიშვილის დაკვეთით, მან ახლად-გახსნილი ქართული უნივერსიტეტის ბეჭდისა და გერბის ესკიზები, აგრეთვე, ეროვნული ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების ესკიზები გააკეთა.

1920 წელს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ და სადამფუძნებლო კრების თავმჯდომარის მოადგილემ, პოფესორმა ექვთიმე თაყაიშვილმა საქრთველოში ეროვნული გალერეის შექმნის განკარგულებას მოაწერეს ხელი. ახალ ინსტიტუციას ზალცმანის მიერ ცარისტული იმპერიის დროს დაპროექტებული სამხედრო დიდების ტაძრის შენობა გადაეცა. ეს იყო დიმიტრი შევარდნაძის დიდი ხნის ძალისხმევის შედეგი და მისი ცხოვრების მიზნის განხორციელება, რასაც წინ უძღოდა დაუღალავი შრომა, მოლაპარაკებები, მასშტაბური გამოფენები და შესყიდვები.

ახლადშექმნილი გალერეის დირექტორის პოზიციაზე, დიმიტრი შევარდნაძემ მისი ჩართულობით შეძენილი ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა მოაწყო, რომელშიც გააერთიანა დასავლეთ ევროპული, აღმოსავლური და ქართული კოლექციები. ამავე წელს გალერეაში ბილიოთეკაც შექმნა.

ქვეყნის გასაბჭოების შემდგომ, შევარდნაძე  საქართველოში დარჩა და ადრე დაწყებული ინსტიტუციური საქმიანობა გააგრძელა: 1922 წელს, სახალხო კომისარიატის დადგენილებით, თბილისის სამხატვრო აკადემია დაარსდა და ამ საქმისთვის სწორედ დიმიტრი შევარდნაძე ეწეოდა შუამდგომლობას.

შევარდნაძე, მისი თანამედროვე ხელოვანების დარად, დიდ ინტერესს იჩენდა ხელოვნების ახალი დარგის – კინოს მიმართ. ის იყო მხატვარი პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმისა „ქრისტინე“ (1916, რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა), ფილმებისა: „ელისო“ (1928, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია) და  „ვინ არის დამნაშავე?“(1930, რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა). 1937 წელს შევარდნაძე კონსულტნტად და დამდგმელ მხატვრად მიიწვიეს ფილმში „მოგზაურობა ერზერუმში,“ რომელიც ალექსანდრ პუშკინის იუბილეს მიეძღვნა. შევარდნაძესვე დაავალეს თბილისის მორთვა ამ ღონისძიების აღსანიშნავად.

მხატვარი ნაყოფიერად მუშაობდა სცენოგრაფიის დარგში: მან შექმნა დეკორაციები კოტე მარჯანიშვილის საოპერო დადგმისთვის  აბესალომ და ეთერი და მელიტონ ბალანჩივაძის  ხუთმოქმედებიანი ოპერისთვის თამარ ცბიერი; კოსტიუმები დიმიტრი არაყიშვილის ოპერისთვის შოთა რუსთაველი და თამარ ვახვახიშვილის პანტომიმისთვის მზეთამზე, რომლის დეკორაციები ლადო გუდიაშვილმა შექმნა; პანტომიმის პრემიერა თბილისის აკადემიური თეატრის სტუდიაში განხორციელდა 1926 წელს.

1933 წელს, შევარდნაძემ ეროვნული გალერეის კოლექცია გაუქმებული მეტეხის ციხის შენობაში გადაიტანა და ის საქართველოს მუზეუმად გარდაქმნა. სწორედ მის ბაზაზე დაფუძნდა მოგვიანებით საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი.

 მძიმე რეპრესიების პერიოდის დასაწყისში,1936 წელს, დიმიტრი შევარდნაძე მეტეხის მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მას უთქვამს: „მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ არაფერში მიმიძღვის ბრალი.“

1937 წელს, ბერიას დეკრეტით მეტეხის ციხის შენობა და მის შიგნით მოქცეული მე-12 საუკუნის ტაძარი უნდა აეფეთქებინათ  –  განთავისუფლებულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმა.  გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ გიორგი ჩუბინაშვილი, სანდრო ახმეტელი და მიხეილ ჯავახიშვილი.

ციხის შენობა დაანგრიეს. ტაძარი  გადარჩა.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის 10 ივნისს დააპარიმტეს, როგორც ხალხის მტერი და დახვრიტეს.

 

დიმიტრი შევარდნაძე
დაბადების წელი1885გარდაცვალების წელი1937AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.