დავით (დევი) ხმალაძე დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში, ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. თავდაპირველად, განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, 1985 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
სტუდენტობის პერიოდში ხმალაძე გაცვლითი პროგრამით პრაღის სამხატვრო აკადემიაში მიავლინეს, საიდანაც ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა ბელგიელ მოქანდაკე იოჰანეს გერტთან დაიწყო. ანტვერპენის ძველ უბანში საკუთარი სახელოსნო-გალერეა Atelier Devka დააარსა, რომელიც წარმოადგენს მის სახელონოსა და საგამოფენო სივრცეს.
დ. ხმალაძის ნამუშევრები ხასიათდება ექსპერიმენტული მიდგომით, რაც ქანდაკების ტრადიციის ცოდნასთან ჰარმონიზებულია. საბოლოოდ კი მათ შესრულების დახვეწილი მანერა და სახასიათო სითბო გამოარჩევს. ხელოვანი არ ერიდება გამოწვევებსა და ექსპერიმენტებს, მისთვის მოქანდაკის პროფესია აღმოჩენების, მუდმივი ძიებისა და ამოუწურავი შესაძლებლობების წყაროა. ის, ძირითადად, შერეული ტექნიკით მუშაობს, იყენებს ახალ-ახალ მასალას , რაც მათი დამუშავების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
მოქანდაკის პროფესიის გარდა, ხელოვანი რესტავრატორის პროფესიასაც დაეუფლა. ამჟამად არის მოქანდაკე-რესტავრატორი. მას ხშირად იწვევენ ბელგიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად. მუშაობს ცნობილ ბელგიურ კომპანიაში Monument-Altri Tempi.
მოქანდაკე ორი მონუმენტის ავტორია საქართველოში: პრომეთე (2007) ბორჯომში და მედეა ოქროს საწმისით (2007) ბათუმში. იგი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგიისა და ნიდერლანდების გალერეებთან; მონაწილეობს ხელოვნების მრავალ საერთაშორისო კონკურსში, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობებსა თუ გამოფენებში. იგი ავტორია ძეგლისა LIKE (2021), რომელიც აღმართულია ანტვერპენში და ეძღვნება იმედს.
დ. ხმალაძის ნამუშევრები ინახება ნიდერლანდებში, ტონ შულტენის მუზეუმში (Ton Schulten Museum), ასევე დაცულია ევროპის სხვადასხვა კერძო კოლექციაში.