ლევან ხარანაულმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1983 წლიდან. პერსონალური გამოფენები გამართული აქვს თიანეთის მხარეთმცოდნეობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურის მუზეუმებში; თბილისის კერძო გალერეებში – „TMS“ -სა და „ძველ გალერეში“.
სხვადსხვა წელს მისი სოლო გამოფენები მოეწყო ნანტში, პარიზსა და ბოლონიაში.
ლევან ხარანაულს დასურათებული აქვს თავისი მამის – ბესიკ ხარანაულის პოეზიის კრებულები, მარიამ ხუცურაულის „სანათას წიგნი“; კინორეჟისორ გოდერძი ჩოხელის პროზაული კრებული „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“.
1988 წელს ამავე რეჟისორის ფილმში – „აღდგომის ბატკანი“ მან მთავარი როლი შეასრულა.
ლევან ხარანაულის ნამუშევრების უმეტესობა ინახება იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის,
ესპანეთის, ლუქსემბურგის და საქართველოს კერძო კოლექციებში. ხარანაულის ფერწერული შემოქმედების მთავარი მოტივებია პორტრეტები, მშობლიური თიანეთის პეიზაჟები და ნატურმორტები. მისი მოდელები, უმეტესად, საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. ნატურმორტებში ის უბრალო საგნებით – ჭიქებითა თუ ბავშვების ფეხსაცმელებით, საკუთარი ოჯახის ყოველდღიური გარემოსა და ოჯახისავე ისტორიის ამსახველ ხატებს ქმნის.
ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს დაბა თიანეთში.