ალექსანდრე შერვაშიძე – სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
მამით – შერვაშიძეთა სამთავრობო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის- გიორგი შერვაშიძის -შვილიშვილი, დედით – ფრანგი.
პეტერბურგში ვ. მეიერჰოლდისა და ნ. ევრეინოვის თეატრალური ექსპერიმენტების თანამონაწილეა, დიაგილევის თანამოაზრე -“რუსული ბალეტის” დადგმების განხორციელებისას. თანადროული თეატრალური კრიტიკა თვლის, რომ ამ სპექტაკლების ხარისხს მრავალწილად სწორედ ა. შერვაშიძის სცენოგრაფია განაპირობებს. ფრანგულ ხელოვნებაზე მხატვრის წერილები დღესაც აქტუალურად ითვლება. XX საუკუნის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა – მოცეკვავე და ქორეოგრაფი სერჟ ლიფარი. 1972 წელს ასე აფასებს მას: “დასავლეთის თეატრალურ-მხატვრული რევოლუციის თანამონაწილე”. სალვადორე დალი მას “ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წამომადგენელს” უწოდებს. მეგობრები თავადად, პრინცად მოიხსენებენ. 1910-იანი წლების ბოლოს თავის საგვარეულო მამულში – აფხაზეთში – ხანმოკლე ცხოვრებისას იგი ახალგაზრდობისა და ბაშვების განათლებაზე, სოხუმში თეატრის შექმნისათვის ზრუნავს. თავის შემოქმედებასაც – 500-მდე ნამუშევარს, რომელთაც ქართულ-აფხაზურად – შერვაშიძე-ჩაჩბად აწერდა ხელს, ანდერძით სამშობლოს – სოხუმს, აფხაზეთს, საქართველოს უტოვებს.
1906 წლიდან პეტერბურგშია და ამ დროიდან იწყება ა. შერვაშიძის, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება, რომელიც იმთავითვე “ახალი თეატრის” ექსპერიმენტებს, ჯერ ვ. მეიერჰოდს, მოგვიანებით – ნ. ევრეინოვსა და დიაგილევს უკავშირდება. პეტერბურგში ა. შერვაშიძე დეკორაციის ერთ-ერთ საიმპერატორო სახელოსნოს ხელმძღვანელობს.
1918 წელს ა. შერვაშიძე სამშობლოში – სოხუმში – ბრუნდება. აქ იწყება მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის საქმიანობა: აქტიურად მონაწილეობს სოხუმის არტისტული საზოგადოების მუშაობაში, ხსნის თეატრალურ კურსებს, სადაც იმ ხანად სოხუმში მყოფ ვ. კამენსკისა და ნ. ევრეინოვთან ერთად ასწავლის; ახორციელებს რამდენიმე წარმოდგენას მოწაფეებთან ერთად; სოხუმის ქალთა გიმნაზიის შენობაში საბავშვო სტუდიას აარსებს; ხელმძღვანელობს ხატვის წრეს, კითხულობს ლექციებს ხელოვნების შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში; ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და ამ მიზნით ნიკო მარსაც უკავშირდება.
პოლიტიკური ვითარების გამო ა. შერვაშიძე იძულებულია ჯერ ბათუმში და შემდეგ ყირიმში – ფეოდოსიაში გაემგზავროს, სადაც მისი შვილები და ყოფილი მეუღლე იმყოფებიან. აქ ღებულობს მიწვევას ს. დიაგილევისგან, რომელიც იმ დროს ლონდონის კოვენტ-გარდენის თეატრში “რუსული ბალეტის” მეორე ანტერპრიზას მართავს. 1920 წელს ა. შერვაშიძე მეუღლესთან – ნ. ბუტკოვსკაიასთან ერთად ისევ მიემგზავრება ევროპაში და, ამჯერად, უკვე სამუდამოდ.
ლონდონში, პარიზსა თუ ნიუ იორკში იგი უმეტესად დიაგილევის დასთან მუშაობითაა დაკავებული (ჯერ თავად დიაგილევთან (1920-1929), შემდეგ მის მიმდევრებთან (1929-1948) თანამშრომლობს), მაგრამ დაზგურ ნამუშევრებსაც – პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს ასრულებს.
პარიზში იგი პ. პიკასოს, ა. დერენს, ჟ. ბრაკს, ჟ. რუოს უმეგობრდება, რომელთა მონაწილეობა “რუსული ბალეტის” დადგმებში ამ მეგობრობის შედეგიც იყო. მათი ესკიზების სცენური განხორციელება ა. შერვაშიძის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხდება. 1924 წელს ა. შერვაშიძე პიკასოს “ზღვის პირას მორბენალი ქალების” მიხედვით დარიუს მიეიოს “ლურჯი ექსპრესისთვის” თეატრალურ ფარდას მოხატავს (134 კვ.მ. ფარდა დღეს ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია დაცული).
ამ წლებში ქმნის დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზებს ქორეოგრაფიული სპექტაკლებისთვის, რომელიც ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქში იდგმება. მრავალრიცხოვანი დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზების, დაზგური ნამუშევრების გარდა, ა. შერვაშიძე წიგნის დიზაინზეც მუშაობს
ა. შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. დაიკრძალა ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი საქართველოში – სოხუმში გადმოასვენეს.
წყარო – http://www.modernism.ge/