ფერმწერი, პედაგოგი, მხატვარ ქუთათელაძეთა ოჯახის წარმომადგენელი, თეა ქუთათელაძე ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდა; 1990 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ზურაბ ნიჟარაძის კლასი დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. მისი სადიპლომო ნამუშევრი „წელიწადის დრონი“ ოთხი პეიზაჟისგან შემდგარ სერიას წარმოადგენდა.
ხელოვნებათმხოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი თეა ქუთათელაძეს 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე განხორციელებული კვლევისთვის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ინტერიერების მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერა ქ. თბილისში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
თეა ქუთათელაძე „გამოფენა ოთხის“ მონაწილეა. ამას გარდა, მოხატული აქვს არტისტული კაფე თბილისში, რუსთაველის გამზირზე (საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება).
თეა ქუთათელაძე აქტიურად არის ჩართული მისი მამის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის შემოქმედების პოპულარიზაციაში: 2012 წელს საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მისი მონაწილეობით გაიმართა გურამ (ხიტა) ქუთათელაძის პერსონალური გამოფენა; ამავე წელს, გამოიცა ალბომი მისი შემოქმედების შესახებ.
2000 წლიდან თეა ქუთათალაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის თბილისის სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი და ფერწერის პედაგოგია.