Skip to content Skip to footer
შალვა ქიქოძე
დაბადების წელი1894გარდაცვალების წელი1921AuthorAuthor nameShare

ქიქოძე შალვა

შალვა ქიქოძე –  ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი,  დაიბადა 1894 წელს საქართველოში, გურიის მხარის სოფელ ბახვში. 1902-1912 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1914 წელს “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სტიპენდიის დახმარებით,  მოსკოვში გაემგზავრა და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იურისპრუდენციის სწავლის პარალელურად, 1916-18 წლებში,  „ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში“, ფერწერის განყოფილებაზე სწავლობდა ხატვას.

თანამშრომლობდა მოსკოვის თეატრალურ ჟურნალთან “Рампа и Жизнь” (თეატრი და ცხოვრება) და კაბარესთან „ღამურა“.    ფსევდონიმით „შალიკო“, ჟურნალში სისტემატურად აქვექნებდა თავისი ახლობლების მეგობრულ  შარჟებს. 

საზაფხულო არდადეგებზე საქართველოში დაბრუნებული სტუდენტი ჩართული იყო დიმიტრი შევარდნაძის მიერ ახლადშექმნილი „ქართველ ხელოვანთან საზოგადოებისა“ და  ექვთიმე თაყაიშვილის დაარსებული „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ ერთობლივ სამეცნიერო ექსპედიციებში. ლადო გუდიაშვილთან, მოსე თოიძესთან, გიორგი ერისთავთან და მიხეილ ჭიაურელთან ერთად, გადმოიღო ნაბახტევის ეკლესიის მოხატულობის პირები.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მდივნად აირჩიეს (1918).

როგორც კარიკატურისტმა, ჯერ კიდევ მოსკოვში სწავლის პერიოდში, თანამშრომლობა დაიწყო ქართულ იუმორისტულ ჟურნალებთან “ლახტი”, “ეშმაკის მათრახი” და თეატრალურ ჟურნალებთან: “თეატრი და ცხოვრება”, “თეატრი და მუსიკა.”ასევე – თბილისში გამომავალ რუსულენოვან ჟურნალთან “Искусство.” აქვეყნებ მხატვართა, თეატრალთა და მწერალთა კარიკატურებს. წერდა რეცენზიებს; იყო სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში.

1918 წელს მუშაობა დაიწყო სცენოგრაფად საფრანგეთიდან ახლადდაბრუნებული „ანტუანის თეატრის“ რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში.

1919 წელს “ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ, სამხატვრო განათლების სრულყოფის მიზნით, ის  პარიზში მიავლენა.

1921 წელს ნამუშევრები გამოფინა  პარიზის : ლა ლიკორნსა (La Licorn) და დამოუკიდებელთა სალონში (Salon des indépendants).

არსებობს ცნობა, რომ შ. ქიქოძეს, რეჟისორ ვასო ყუშიტაშვილის რეკომენდაციით, შეუსრულებია ორი სცენოგრაფიული დაკვეთა:  ერთი – თეატრ “ატელიესთვის”(L‘Ateliere), რომელსაც იმხანად შარლ დიულენი და ვასო ყუშიტაშვილი ხელმძღვანელობდნენ და მეორე –  “ოდეონისათვის” (Odeon)

1921 წლის აგვისტოს ჭლექით დაავადებული  ქიქოძე პარიზიდან გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში გაემგზავრა. იქვე გარდაიცვალა 27 წლის ასაკში. მისი საფლავი დაკარგულია.

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.