თვითნასწავლ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მხატვრობაში. მხატვარმა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ერთ ქალაქში გაატარა და არსად უსწავლია, შექმნა მხატვრობა, ჭეშმარიტად თვითმყოფადი, ერთდროულად ეროვნულიც და თანამედროვეც.
ნიკო ფიროსმანაშვილი სავარაუდოდ, 1862 წელს, კახეთში, სოფელ მირზაანში დაიბადა. ადრე დაობლებული ნიკო 8-10 წლის ასაკში თბილისში ხვდება და შეძლებულ სომეხ ოჯახში იზრდება. დაახლოებით 25 წლის ასაკში ის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, 1890-1893 წლებში რკინიგზაზე მუშაობს, შემდეგ მცირე ხანს საკუთარ დუქანს ამუშავებს. ცხოვრების ბოლო 20-25 წელი კი მისი ძირითადი საქმიანობა და როგორც ჩანს ცხოვრების აზრიც მხატვრობაა. ძველი თბილისი, მედუქნეები, ხელოსნები – ეს ნიკო ფიროსმანაშვილის ყოველღიურობაა. აქვე ჩნდება პირველი დაკვეთებიც. თავდაპირველად მოთხოვნა სარეკლამო აბრებზეა, თანდათან კი მხატვრის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებით მშვენდება თბილისის დუქნები და სამიკიტნოები. ის კედლის მხატვრობასაც ქმნიდა, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ნიკო ფიროსმანაშვილის თანამედროვეთა მოგონებებში ხაზგასმულია მისი ყოფითი მოუწყობლობა და პიროვნული თვისებები: პატიოსნება და სიამაყე. გაცრეცილ ტანსაცმელში გამოწყობილ მხატვარს თავი ისე ეჭირა, რომ ირონიულად მისთვის „გრაფი“ შეურქმევიათ. მას საკუთარი ბინა არ ჰქონია, ოჯახი არ შეუქმნია. ლეგენდასავით გამოიყურება ნიკო ფიროსმანაშვილის სასიყვარულო ისტორია ფრანგი მსახიობი ქალის მარგარიტა დე სევრისადმი. აქტრისა მარგარიტა 1905 წელს ჩამოსულა თბილისში გასტროლებზე. ამბობენ, მხატვარს ერთ დღეს მთელი თბილისის ყვავილები მიურთმევია მარგარიტასთვის.
ნიკო ფიროსმანის პირველაღმომჩენები მე-20 საუკუნის ცნობილი ხელოვანები: ილია და კირილ ზდანევიჩები და მიშელ ლე დანტიუ იყვნენ. სამივე რუსული ავანგარდის შემოქმედებით წრეს ეკუთვნოდა. რუსეთიდან თბილისში არდადეგებზე ჩამოსული სტუდენტები ღვინის ერთ-ერთ სარდაფში შემთხვევით წააწყდნენ „უსახელო“ თვითნასწავლ მხატვარს, რომელიც თავის შემოქმედებაში თანადროული დასავლური მხატვრობისათვის აქტუალურ მხატვრულ ამოცანებს წყვეტდა. მათვე გაიტანეს პირველად ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება საქართველოს საზღვარს მიღმა. 1913 წელს, მოსკოვის ცნობილ ავანგარდისტულ გამოფენაზე – МИШЕНЬ (სამიზნე), ფიროსმანაშვილის 4 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრებმა ყურადღება მიიქციეს, თვითნასწავლ ქართველ მხატვარზე სტატიები გამოქვეყნდა რუსულ და ფრანგულ პრესაში. თითქოს პირველი წარმატება მხატვრის სიცოცხლეშივე შედგა, თუმცა რეალურად მისი კეთილმოუწყობელი ცხოვრება ვერ გაუმჯობესდა. მალე პირველი მსოფლიო ომი იწყება, ქვეყანაში გასაჭირია… ბევრი დუქანიც იხურება. მარტოხელა მხატვრის ყოფაც განსაკუთრებულად მძიმდება.
ზდანევიჩების შემდეგ, 1916 წელს სამშობლოში გერმანიიდან დაბრუნებული ცნობილი ქართველი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე აქცევს ყურადღებას მხატვარს და ცდილობს მის მხარდაჭერას. ახლადშექმნილი ქართველ მხატვართა საზოგადოება ეპიზოდურად ახერხებს მის დახმარებას.ერთხელაც, როდესაც 1918 წელს, მხატვარი ლადო გუდიაშვილი მის სანახავად მიდის, ვეღარ აგნებს მას. მხატვარი უკვე გარდაცვლილია.
1919 წლიდან დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების შეგროვება. დღეს, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ძირითადი და საუკეთესო ნაწილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშის კოლექციაშია თავმოყრილი.
უცნაურია ფიროსმანის ბედი. ბიოგრაფიული მონაცემები, თარიღები ყველაფერი სათუო და მიახლოებითია. ის ფაქტობრივად მიუსაფარი გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ კი, 1969 წელს, მისი პერსონალური გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი მუზეუმის – ლუვრის, საგამოფენო დარბაზში შედგა. მას მოჰყვა გამოფენები ვენაში, ბერლინში, ტოკიოში…
ნიკო ფიროსმანის შემოქმედება დღეს მსოფლიო ხელოვნების საგანძურადაა აღიარებული. მზარდია მის მიმართ ინტერესი 21-ე საუკუნეში. მის ნამუშევრებს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები მასპინძლობენ.
2018-2019 წლებში ალბერტინას მუზეუმში (ვენა, ავსტრია) გამართული ფიროსმანის გამოფენა 2019 წლის მოდერნისტულ გამოფენათა საუკეთესო ათეულში შევიდა.
2023 წელს მხატვრის 2 მასშტაბური გამოფენა შედგა : ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ჰუმელბეკი, დანია), ბეილერის ფონდში (ბაზელი, შვეიცარია).
