მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი.
ირაკლი ოჩიაურმა სამხატვრო აკადემია 1951 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა ფშაველა.“ გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. ამავე წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ირაკლი ოჩიაური სახელს უკავშირდება ქართული ჭედურობის ტრადიციის აღორძინება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ოსტატ პეპუ მეუნარგიას შემედეგ აღარ გაგრძელებულა და მე-20 საუკუნის 50-იანი წლებისთვის უკვე სრულიად მივიწყებული იყო.
ირაკლი ოჩიაურმა შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფორმატის ჭედური ნამუშევრები: როგორც მინიატურები, ასევე პანოები ინტერიერებისა და ექსტერიერებისთვის. თავის ძმასთან, მოქანდაკე გოგი ოჩიაურთან ერთად, რელიეფებით გააფორმა თბილისის ქორწინების სახლი. გოგი ოჩიაურმა – ექსტერიერის რელიეფები გამოაქანდაკა; ირაკლი ოჩიაურმა – ინტერიერის ჭედურობები.
მოქანდაკე მუშაობდა თითბრის, ალუმინისა და სპილენძის მასალაში.
ჭედური ნამუშევრების გარდა, მის საქანდაკო შემოქმედებაში აღსანიშნავია ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი სტაფანწმინდაში (1959), ვაჟა-ფშაველას ძეგლი დუშეთში (1985), „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ (მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა) და „ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ირაკლი ოჩიაური მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო გამოფენაში. მათ შორის მონრეალის (1969) და ოსაკას (1972) მსოფლიო გამოფენებსა და ვენეციის ბიენალეში.
ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმსა და იაპონიის, აშშ-ის და მრავალი სხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. ირაკლი ოჩიაური იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.