Skip to content Skip to footer

ოჩიაური გოგი

მოქანდაკე, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გოგი ოჩიაური ქართველ მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია, რომელთა შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა  ეროვნული იდენტობის გამომხატველი ხასიათისა და მოტივების ძიებას ჰქონდა.  მის შექმნილ სკულპტურებს შორის განსაკუთრებით ცნობილია  მონუმენტური ქანდაკებები: „აჯანყება“ – მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი (ბრინჯაო, 1984, ლანჩხუთი),  “ვაჟა-ფშაველა” (ბრინჯაო,1972, თბილისი), ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსისთვის შექმნილი ცნობილი კომპოზიცია „ზღვა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთა, საქართველო), ვაკის პარკის სკულპტურული ანსამბლი   „დიდების მემორიალი“ (ბრინჯაო, 1985, თბილისი) და კომპოზიცია, სახელწოდებით „რესტავრაცია“(მეორენაირად ცნობილი, როგორც „აღორძინება“, ბრინჯაო, 1989, თბილისი).

ოჩიაურის ქანდაკებები ხშირად იწვევდა საზოგადოებრივ დისპუტებს და აზრთა სხვადასხვაობას: „აჯანყებული“ მოსკოვში, 1953 წელს, დიპლომების საკავშირო გამოფენაზე ფორმალიზმად შერაცხეს და მწვავედ გააკრიტიკეს მოჯანყის „გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის“ გამო, თუმცა, მოგვიანებით,  1984 წელს, იგივე ქანდაკება ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე  აღმართეს;   „დიდების მემორიალის“ სკულპტურული ანსამბლი, რომელიც თავდაპირველად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა, დღეს  ორ ნაწილად არის დაშლილი: „ადგილის დედის“ 18 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება კვლავ ვაკის პარკში დგას, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მცველი  მეომრების ფიგურები კი გორშია გადატანილი და დღეს „ეროვნული შერიგების მონუმენტის“ სახელით არის ცნობილი. „რესტავრაციის“ სახელწოდების მქონე ქალის დანაწევრებული ტორსი, თავდაპირველად  მოსახლეობისთვის რთულად მისაღები აღმოჩნდა, თუმცა,  მალე, ქანდაკება 90-იანი წლების საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

წლების განმავლობაში მოქანდაკე   თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ქართველი მოქანდაკე დაოსტატდა.

გოგი ოჩიაურს ეკუთვნის როგორც მონუმენტური ფიგურები, (უმრავლესობა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დგას), ასევე მცირე ზომის ქანდაკებები; მას აგრეთვე, გაკეთებული აქვს წიგნის ილუსტრაციები – დასურათებული აქვს  ანა კალანდაძის, გრიგოლ აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, ვაჟა-ფშაველას, გურამ რჩეულიშვილის წიგნები და  შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

გოგი ოჩიაური გიორგი შენგელაიას ფილმ „ალავერდობის“ დამდგმელი მხატვარია. ამასთან ერთად, დაწერილი აქვს წიგნი: „ევროპული ქანდაკების ბუნებისთვის“ (2002).

1990-1991 წლებში, ის  იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი – ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

2012 – 2015 წლებში, გიორგი ოჩიაური იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2012 წელს ის დააჯილდოვეს ბრწყინვალების ორდენით ხელოვნებაში გამორჩეული მიღწევებისა და აღმატებული ღვაწლისთვის.

წყარო: გოგი ოჩიაური, ოჩიაური ლელა, ლიტერა, 2008. თბილისი

გოგი ოჩიაური
Date of Birth1927Date of Death2017AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.