მამია მალაზონიას შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი ქმნის ფერწერულსა და დაზგურ გრაფიკულ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს, პლაკატებს. მისი გატაცებაა ასევე თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, კინომხატვრობა, მულტიპლიკაცია, მონუმენტურ-დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი,“ რომლის თითოეული ილუსტრირებული ფურცელი რამდენიმე კომპოზიციისგანაა შედგენილი, გვთავაზობს სხვადასხვა ამბის ერთდროულ თხრობას, კონკრეტული შინაარსით იტვირთება და თვალს გვადევნებინებს ტექსტის თანმიმდევრულ თხრობას. მხატვარი 1962 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართული აქვს 15 პერსონალური გამოფენა, გაფორმებული აქვს 90-მდე სპექტაკლი, 16 მხატვრული და ანიმაციური ფილმი.
მამია მალაზონიას წლის საუკეთესო მხატვრის წოდება მიანიჭა საქართველოს მხატვართა კავშირმა (1973), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირმა (1990), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიმ (თბილისი.1991) და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირმა (1992 ).
მხატვარს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო აქვს მიღებული. იგი არის: საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1980), საქართველოს სახალხო მხატვარი (1984); გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული პრემია „გალასა“ (2007) და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიის (2003) ლაურეატი. მისი ნამუშევრები ინახება: თბილისის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი) პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ასევე საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ -ის კერძო კოლექციებში.