Skip to content Skip to footer

ლანსერე ევგენი

ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ ბენუა – გრაფიკოსი, სცენოგრაფი და დიაგილევის რუსული სეზონების  მხატვარი, რომელმაც დიაგილევთან ერთად, გაერთიანება Мир искусства შექმნა. 1899 წელს,  ევგენი ლანსერე ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. მანამდე იმოგზაურა ევროპაში; სწავლობდა პარიზში – კოლაროსისა და ჟულიენის აკადემიებში. 

შემოქმედების ადრეულ ეტაპზე ლანსერე ძირითადად ისტორიული ჟანრის ფერწერულ ტილოებს ხატავდა –  იმპერატრიცა ელიზავეტა ცარსკოე სელოში, (1906) პეტრე დიდის დროინდელი გემები (1911). პარალელურად, აკეთებდა წიგნების ილუსტრაციებსა და დეკორატიულ კომპოზიციებს.

ლანსერემ   პირველ მსოფლიო ომში სამხედრო მხატვარ-კორესპონდენტის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, თავი რომ გაეტანა,  ის დენიკინის მოხალისეთა არმიის სამაუწყებლო-პროპაგანდისტულ ბიუროსთვის აკეთებდა ნახატებს.  

საბჭოთა პერიოდში (1930-იანი წლები) მხატვარი ძირითადად მონუმენტურ ნამუშევრებს ქმნიდა –  მან მოხატა მოსკოვის ყაზანის სადგური;  შექმნა  სასტუმრო მოსკოვის ინტერიერის დეკორაციები.

1920-1934 წლებში ევგენი ლანსერე თბილისში ცხოვრობდა – მუშაობდა  საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალურ მუზეუმში (შემდგომ – სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი);  პირველი რესპუბლიკის პერიოდში, იაკობ ნიკოლაძესთან, დიმიტრი შევარდნაძესთან და იოსებ შარლემანთან ერთად, ლანსერე მუშაობდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ფულის ნიშნების დიზაინზე.  გასაბჭოების შემდგომ, იგივე მხატვრებთან ერთად, მან  საბჭოთა საქართველოს გერბი შექმნა.

1922 წელს, ევგენი ლანსერემ, ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად,   დამდგმელ მხატვრად იმუშავა ივანე პერესტიანის ფილმზე სურამის ციხე. ამავე წელს, მონაწილეობა მიიღო თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში – გახდა ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და ფერწერის ფაკულტეტის დეკანი.

საქართველოში ცხოვრების პერიოდში მან უამრავ ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და  ჩანახატების მდიდარი კოლექცია შექმნა. ის ჩართული იყო დავით გარეჯის, შიო მღვიმის,  მცხეთის, ზედაზენის, ბეთანიის, ქუთაისისა და  გურიის ექსპედიციებში; ასევე, მონაწილეობდა  დაღესტნის, სომხეთისა და ზერბაიჯანის  ექსპედიციებში.

1927 წელს, ლეჩხუმის უღელტეხილის გავლით, ლანსერე ფეხით ავიდა სვანეთში. ამ პერიოდში, მხატვარმა  შექმნა და დატოვა უმდიდრესი სახვითი და აღწერილობითი ხასიათის მასალა: ჩანახატების 3 ალბომი, 30 ნამუშევარი ტემპერით, სანგინით, ნახშირითა და აკვარელით,  დღიურები და  პირადი წერილები, რომლებიც ზემო სვანეთის 14 თემის ცხოვრებას ასახავს.  1927 წელსვე, სამხატვრო აკადემიის მივლინებით, ლანსერე ნახევარი წლით პარიზში გაემგზავრა.

1930 წელს ლანსერემ  საქართველოს ისტორიის მუზეუმის ვესტიბიული მოხატა. ამავე წელს, გიორგი ჩუბინაშვილის თხოვნით, მან რუსთაველის საიუბილეო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა –  შექმნა შუა საუკუნეების ეპოქის ქართული არქიტექტურისადმი მიძღვნილი სერია.

ლანსერეს მიღებული აქვს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა (1933) და რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახალხო მხატვარის (1945) წოდებები. იყო მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1943).

ევგენი ლანერე 1934 წლიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც არქიტექტურის ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა.

გარდაიცვალა 1946 წელს. დაკრძალულია ნოვოდევიჩევოს სასაფლაოზე.

 

 

ევგენი ლანსერე
დაბადების წელი1875გარდაცვალების წელი1946Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.