დათო კრაწაშვილს პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლისა გარდაიცვალა. დათოს ამ სტრიქონებში ჩანს, რომ იგი თავის ნაადრევ გარდაცვალებასაც წინასწარმეტყველებდა: „გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”. დათო კრაწაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე. 1979 წელს თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე დათო დაჯილდოვდა სიგელითა და პრიზით („ვენერა”) საუკეთესო კომპოზიციისათვის „წვიმიანი დღე”. ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო. დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. სამწუხაროდ, არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები. დათოს პირველი პერსონალური გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს, მოეწყო შავნაბადაზე ახალგაზრდული ქალაქის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში”, რასაც მოჰყვა საქართველოსა თუ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები, მაგალითად, გამოფენა კინოთეატრ „თბილისის” საგამოფენო დარბაზში (მოსკოვი. 1982), ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში (თბილისი. 1982), ნამუშევართა ექსპოზიცია (სანკტ- პეტერბურგი. 1983), 20 ნამუშევრის გამოფენა (სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-12 მსოფლიო ფესტივალი. მოსკოვი. 1985). 1988 წელს საერთაშორისო ფესტივალზე – „მშვიდობის დროშა” დათოს ნამუშევრებს გაეცნო ბულგარეთი. მოგვიანებით, თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში დათოს 72 ტილო გამოიფინა (თბილისი. 2007), სიღნაღში – 65 ნამუშევარი (სიღნაღის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი. 2009), 2022 წელს კი საქართველოს ეროვნულ გალერეაში დათო კრაწაშვილის გამოფენა “დრო” გაიმართა. 17 წლის მხატვრის ფენომენალური შემოქმედებითი ნიჭის გამო 1988 წელს აშშ-ის სმითსონის საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა 3146 ნომრით ცნობილ პლანეტას უწოდა „დათო”. „ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენიის ნაწილი დაგვიტოვა”, – წერდა ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე მაქს გეიტორი.
დაბადება/გარდაცვალება1963–1980Share