Skip to content Skip to footer

კეშელავა გიორგი (გიგი)

მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში,  სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა.

1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი მასწავლებლები იყვნენ ვასილ შუხაევი, უჩა ჯაფარიძე და აპოლონ ქუთათელაძე. სამხატვრო აკადემიის დასრულების (1958 წ.)  შემდეგ იქვე ხატვის კათედრაზე 1964 წლიდან  ცხოვრების ბოლომდე პედაგოგად მუშაობდა.    

გ.  კეშელავას შემოქმედება, ძირითადად, ფერწერულსა და გრაფიკულ პორტრეტებს მოიცავს. ზეთით შესრულებული  მეუღლის – ელეონორა კანდელაკის, ასევე ციალა ყიფიანის, ელენე ბერიძის პორტრეტები გამოირჩევა სინატიფითა და გამომხატველობით.  პორტრეტირებულთა სახეები გამოირჩევა გამჭოლი მზერითა და სულიერი სიმშვიდით.

აღსანიშნავია 1950, 1959-1960 წლებში შექმნილი გრაფიკული ავტოპორტრეტები, რომლებშიც გიგი კეშელავა საკუთარ თავს   მკაცრი მზერით გამოსახავს.   მხატვარი   ამ გრაფიკული ნამუშევრების შექმნისას იყენებს მკვეთრ შტრიხებს და კონტრასტულ ტონალურ გრადაციებს, რაც დინამიკას მატებს პორტრეტირებულს. 

გიგი კეშელავა ქმნიდა  წიგნის ილუსტრაციებსაც, მაგ., 1989 წელს შეასრულა  გრაფიკული  ილუსტრაციები ვასილ  ოსინსკის ფანტასტიკური რომანისთვის –  ზემოთ დაცემა .  

დღეს  მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში – საქართველოში, აშშ-ში, იტალიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში , უკრაინაში, სომხეთსა და რუსეთში.

გიორგი (გიგი) კეშელავა
დაბადების თარიღი1932გარდაცვალების თარიღი1993Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.