Skip to content Skip to footer
ვლადიმერ (ვალო)იმერლიშვილი
დაბადების წელი1981Share

იმერლიშვილი ვლადიმერ (ვალო)

ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში.  საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

ვლადიმერ   იმერლიშვილი  თავისი  თაობის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ხელოვანია.  XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თანამედროვე ხელოვნებას და ამ პერიოდში ასპარეზზე გამოსულ თაობას, და შესაბამისად, ვლადიმერ იმერლიშვილსაც, სოციოკულტურულმა ცვლილებებმა შემოქმედებით  თავისუფლებასთან ერთად კულტურის პოლიტიკისა და ახალი იდენტობის შემქმნელის ფუნქციაც მიანიჭა. ვ.იმერლიშვილის  მიერ  განხორციელებულმა სივრცულმა  „მისტერიებმა“,  შოთა რუსთაველის სკულპტურამ კიევში (2007წ.) და შემდეგ, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურამ (თანაავტორი  როკო ირემაშვილი) თბილისში (2016წ.), საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი, ურბანული ქანდაკებების  „გაგების“  კორექტირება დაიწყეს.

ვ. იმერლიშვილი ბოლომდე დისტანცირდა სამხატვრო აკადემიაში ნასწავლი საბჭოთა  მემკვიდრეობიდან,  აკადემიზმიდან   ნასაზრდოები  სახვითი  მანერისგან ფორმა კონცეფტ-ფორმამდე  განავითარა.  მაგ.: ვ. იმერლიშვილის შოთა რუსთაველის სკულპტურა თავიდან ბოლომდე ასახავს იდეას შოთა რუსთაველის შესახებ.  სკულპტურა ქვის ფორმაშია  განხორციელებული  და იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან  შოთა  რუსთაველის ფრესკის ასლით საზრდოობს .  რუსთაველის გამოსახულების  პროექცირებით სკულპტურა ღამე  ნათდება. განზოგადებული ქვის ფორმა არ  გახლავთ მყარი მონაცემების  მქონე  და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მისი იერსახე იცვლება. ემოციური თუ  ექსპრესიული შტრიხები  შეტანილია  ფორმის  ფარგლებშივე. ფორმის შუქით ამგვარი მოდელირება ცნობიერების,  გონების გასხივოსნების  იდეის მატარებელია. ხელოვანი თანამედროვე სააზროვნო მოდელებს იზიარებს, თუმცა ქართულ პლასტიკურ ტრადიციასთან კავშირი  ვლინდება  ქართული რელიეფისთვის დამახასიათებელი ბლოკურობის პრინციპით, როგორც ფორმაზე დატანილი ინფორმაცია და ამასთან ეთნოკულტურული იდენტობის ვიზუალურ ფორმაში ტრანსფორმირების უწყვეტი პროცესი.

ვალო იმერლიშვილი   „საქანელა“.  ფუნქციონალური სკულპტურა. 2020. 

ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი ინსტალაცია. ცხენებს  შორის  რკინის  საქანელაა, რომელიც მათ  აერთიანებს.  ორი მდგომარეობაა  მოცემული  ერთ ობიექტში –  სტატიკაში დინამიკა. 

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.