Skip to content Skip to footer

ზამბახიძე ლალი

ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს დაზგურ გრაფიკასა და მულტიპლიკაციაში, ქმნის წიგნის ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს.

1970-იან წლებში მხატვარი, ძირითადად, ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას იყენებს. მისი ხელწერა სიძლიერით, ხაზთა შტრიხული დამუშავებითა და ლაქობრივი კონტრასტულობით ხასიათდება.

1980-იან წლებში ლალი ზამბახიძის შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ქმნის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს: პორტრეტს, პეიზაჟს, ბუნების წიაღში ჩართულ ყოფით სცენებს, მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებთან ასოცირებულ კომპოზიციებს. მხატვარი სხვადასხვა გრაფიკული მასალის შესაძლებლობების ძიების ახალ ეტაპს იწყებს. ოფორტის ტექნიკის გარდა, აქტიურად იყენებს სანგინასაც. იწყებს აქტიურ მუშაობას მონოტიპიით, მასალით, რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს მხატვარს, რომ გადმოსცეს მძაფრი შინაგანი ენერგია და გრაფიკის ენით მიაღწიოს ფერწერულობას.

1990-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის წამყვან ტექნიკად მონოტიპია რჩება, აქტიურად იყენებს შავსა და ფერად ტუშს, აკვარელს, სოუსს, სანგინასა და ნახშირს. ლალი ზამბახიძის ნამუშევრებში მთავარია სულიერება, ენერგია და ეროვნულობის განსაკუთრებული მუხტი, რაც მის შემოქმედებას ქართული კულტურის, ქართული გრაფიკული ხელოვნების განუყოფელ ნაწილად აქცევს. ლალი ზამბახიძე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივსა და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოსა და უცხოეთის წამყვან მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ლალი ზამბახიძე
დაბადების წელი1941Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.