თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პარიზის შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი იყო. საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბრაზილიაში გააგრძელა.
მისი ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში, სწავლობდა. 1947 წელს მან ნოე ჟორდანიას ვაჟზე, რეჯიბ ჟორდანიაზე, იქორწინა, თუმცა, ეს ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ აღმოჩნდა. 1952 წელს ხელოვანი დედასა და შვილთან ერთად ბოჰემური პარიზიდან საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა.
იგი ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის, მუშაობდა ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის, იღებდა ანიმაციურ ფილმებს. 1963 წელს ის ისევ საფრანგეთში, პარიზში, დაბრუნდა და კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისთვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა. მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს.
ხელოვანი ერთ ტილოზე სრულიად ავთენტურსა და ორიგინალურ სანახაობას ქმნის, ერთდროულად ზეთის, გუაშის, პასტელისა და ზოგჯერ კვერცხის გამოყენებითაც. მისი რომანტიკული მხატვრობა წარმოაჩენს დელიკატურობის, სინაზისა და პოეზიის მთელ ხიბლს.
1960-80-იან წლებში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ თავისი ნამუშევრები გამოფინა ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში და პარიზის სალონ სოფიტელ გრუპ 36-ში. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეა მონპარნასში.
ხელოვანმა უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე. მას მუდმივად ჰქონდა საქართველოში დაბრუნების სურვილი, გულითა და გონებით მუდამ სამშობლოსთან იყო, თუმცა, არასოდეს ჩამოსულა აქ. ევროპაში უკვე ცნობილმა მხატვარმა არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა სტატუსი, რაც მის პირად ბარათში ეწერა: ლტოლვილი საქართველოდან.