ლადო გუდიაშვილი – ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. უნიკალური სტილისა და გამომსახველობის მხატვარი, რომლის ნაყოფიერი კარიერა მოიცავს სამოცზე მეტ წელს და როგორც თბილისური მოდერნიზმის ასევე – სოც-რეალიზმის ხანას.
ლადო გუდიაშვილმა ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწობი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლა ხატვის მასწავლებლის პირველი ხარისხის სერტიფიკატით დაამთავრა. სკოლაში მისი პედაგოგები ოსკარ შმერგლინგი, ეღიშე თათევოსიანი და იაკობ ნიკოლაძე იყვნენ. ამის შემდგომ, პირველ ვაჟთა გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად.
პედაგოგობის პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობდა თბილიში გამომავალ სხვადასხვა ჟურნალებთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „თეატრი და ცხოვრება,“ რომლისთვისაც მხატვარმა უამრავი ილუსტრაცია შექმნა.
1917 წელს, ის შეუერთდა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციას, რომელიც მიზნად ისახავდა ძველი ქართული ეკლესია-მონასტრების შესწავლას სამხრეთის ისტორიულ რეგიონებში. აქ, ლადო გუდიაშვილმა კედლის მხატვრობის პირები გადმოიღო, რომლებიც შემდგომ, თბილისში გამოიფინა. ამავე წელს, ის გახდა ავანგარდული წრეების წევრი და მათი დისკუსიებისა და სხვა აქტივობების მონაწილე. მან შექმნა კედლის მხატვრობა მოდერნისტული კაფეებისთვის „ქიმერიონი“ და „ფანტასტიკური დუქანი“ და დაასურათა წიგნი „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკური დუქანი,“ რომლის ილუსტრაციები, გუდიაშვილის გარდა შექმნეს ზიგა ვალიშევსკიმ, კირილე ზდანევიჩმა, ნატალია გონჩაროვამ, იგორ ტერენტიევმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ – მელიქოვმა.
1919 წლის ოქტომბერში, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ლადო გუდიაშვილი სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაგზავნა. პარიზში ის ჯერ პარიზის ხელოვნებისა და შემდგომ, რონკონის აკადემიებში სწავლობდა. იქაური პროფესორების აზრი თანხვედრილი იყო მხატვრის შეფასებაში: „თქვენ აქ ვერაფერს ისწავლით – უკვე პროფესიონალი ხართ. ამიტომაც, დამოუკიდებლად უნდა გამოფინოთ ნამუშევრები სალონში.“
გუდიაშვილი პარიზის წამყვან გალერეებთან თანამშრომლობდა: „შემოდგომის სალონი,“ ჟოზეფ ბილიეს გალერეა და ლიკორნის გალერეა… სტატიები მის შესახებ ხშირად ჩნდებოდა იმდროინდელი პარიზულ პრესაში.
1926 წელს ის საქართველოში დაბრუნდა; მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სპექტკლებში სცნოგრაფად. 1928 წელს კი მონაწილეობა მიიღო ვენეციის მე-16 საერთაშორისო გამოფენაში.
ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის მანზილზე, ლადო გუდიაშვილს მოწყობილი აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა. როგორც მრავალფეროვანი და ნაყოფიერი შემოქმედი, ის მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში: აკეთებდა პორტრერებს და მასშტაბურ ტილოებს; ქმნიდა სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს; ხატავდა ფრესკებს (მოხატული აქვს ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი თბილისში) და ილუსტრაციებს. ამ უკანასნელთა შორის უნდა აღინიშნოს მისი გამორჩეული ნახატები წიგნებისთვის „ქართული ხალხური ზღაპრები,“ „ვეფხისტყაოსანი,“ „ბალავარიანი,“ „სიბრძნე სიცრუისა,“ და ბევრი სხვა.
ლადო გუდიაშვილი დაჯილდოებული იყო საბჭოთა პერიოდის უმაღლესი ხარისხის მრავალი ორდენითა და წოდებით. ის იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენის კავალერი.
მისი ბინა საქართველოში ჩამოსული სახელგანთქმული სტუმრების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.
მხატვარი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
წყარო: გამომცემლობა Аврора, ლენინგრადი, 1984 წელი ლადო გუდიაშვილის ინგლსურენოვანი ალბომი. ლიდია ზლატკევიჩის მიერ შედგენილი გუდიაშვილის ბიოგრაფია.